მყარად გვიჭირავს მესამე პარტიის პოზიცია, „ქართული ოცნებისგან“ და „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, გიორგი გახარიას და ჩვენს პარტიას საერთოდ არ აქვს ნეგატიური რეიტინგი,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სავსებით რეალურია, პარტიამ "საქართველოსთვის" დიდი როლი ითამაშოს იმაში, რომ არჩევნებზე "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" 50 პროცენტზე მეტი არ მიიღოს.
"ამ რეიტინგმა, როგორც სხვა დანარჩენმა კვლევებმა აჩვენა, რომ მყარად გვიჭირავს მესამე პარტიის პოზიცია. საზოგადოებას შევახსენებ, რომ "ქართული ოცნებისგან" და ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით, გიორგი გახარიას და პარტიას "საქართველოსთვის" საერთოდ არ აქვს ნეგატიური რეიტინგი. ამავდროულად ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ამომრჩეველთან მუშაობას, ელექტორატის გაზრდას და იგივეს მოვუწოდებ სხვა პარტიებსაც. სავსებით რეალურია, ჩვენმა გუნდმა არსებითად დიდი როლი შეიტანოს იმაში, რომ მომდევნო არჩევნებზე "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" არ გადალახოს ჯამში 50 პროცენტზე მეტი,"- განაცხადა ლილუაშვილმა.
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარდა, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, მას მოსდევს „ნაციონალური მოძრაობა“, პარტიული რეიტინგის თანახმად, მესამე ადგილზეა პარტია „საქართველოსთვის“.
გამოკითხვის შედეგები ასე ნაწილდება:„ქართული ოცნება“ - 37%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 25, „საქართველოსთვის“ - 6%, „ლეიბორისტული პარტია“ - 5%, „ლელო“ - 4%, „გირჩი - მეტი თავისუფლება (ზურაბ ჯაფარიძე)“ - 4%, „ხალხისთვის“ (ანა დოლიძე) - 3%, „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3%, გირჩი“ (იაგო ხვიჩია) - 3%, „დროა“ - 2, „ალტ ინფო“ - 2%, „მოქალაქეები” - 2, „ხალხის ძალა“ - 2%, „ევროპული საქართველო“ - 1%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 1%.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.