პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვარაუდობს, რომ „მაკდონალდსში" ხელმძღვანელობამ გარკვეულ ჯგუფს გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდა. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ახსნა ის ფაქტი, რომ „მაკდონალდსის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, სადაც ელტონ ჯონის ისტორიის გამო ბოდიშს იხდიდნენ, მოგვიანებით სხვა განცხადებით შეიცვალა.
„ცოტა უცნაური მდგომარეობა იყო „მაკდონალდსთან" დაკავშირებით. ჯერ უარყვეს, ბოდიში მოიხადეს, შემდეგ, როგორც ჩანს, ჩაერია ხელმძღვანელობა და ეს ჯგუფი აიძულა ბოდიში უკან წაეღოთ. თვითონ ეს ფაქტი, რომ როგორც ჩანს, თანამშრომლების, გუნდის განწყობა იყო ამის საწინააღმდეგო და შემდეგ ხელმძღვანელობამ გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდა და ბოდიში უკან წააღებინა, მეტყველებს იმაზე, რომ ასეთ კამპანიებს რაც შემოაქვთ საზოგადოებაში, ერთადერთი ეს არის დაპირისპირება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.