2008 წლის შემდეგ ნაცვლად იმისა, რომ სანქცია დაეწესებინათ რუსეთისთვის, სანქცია დაუწესდა საქართველოს - 2012 წელს დაგვხვდა გაჩანაგებული ჯარი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ვაზიანის აეროდრომზე სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობის საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.
პაპუაშვილის თქმით, საკითხზე პრემიერ - მინისტრმა და თავდაცვის მინისტრებმა ისაუბრეს, ხოლო რაც შეეხება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, როგორც მან აღნიშნა, ემბარგო იარაღის შესყიდვაზე ქვეყანას "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მოეხსნა და ახლა იარაღის ყიდვა შეუძლია, თუმცა, რა კეთდება ამ მხრივ დამატებით პაპუაშვილი არ ამბობს და პასუხობს, რომ ჟურნალისტი ნდობის ჯგუფის წევრი არის ყველა დეტალი რომ იცოდეს.
"თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას რაც შეეხება, 2012 წელს "ქართულ ოცნებას" დახვდა მდგომარეობა, როცა იარაღის შესყიდვაზე ქვეყანას ედო ემბარგო დასავლეთის ქვეყნების მხრიდან. არავინ გვაძლევდა იარაღს. 2008 წლის შემდეგ ნაცვლად იმისა, რომ სანქცია დაეწესებინათ რუსეთისთვის, სანქცია დაუწესდა საქართველოს. ამ მდგომარეობაში იყო "ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც რომ ჰკითხო ჯარის აღმშენებლები არიან. სინამდვილეში 2012 წელს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას დახვდა გაჩანაგებული ჯარი, იქნებოდა ეს ყაზარმები, სხვა ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა თუ იარაღი. "ქართულმა ოცნებამ" შეძლო, რომ დასავლეთის ქვეყნებმა მოხსნეს ემბარგო, იარაღის შესყიდვაც შეგვიძლია და ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარება თუ აღჭურვა,"- განაცხადა პაპუაშვილმა.