„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გაუმჭვირვალედ ხდება კონკრეტული ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც ქვეყანაში შუღლის გაღვივებით არიან დაკავებული.
კობახიძემ „ხალხის ძალის“ განცხადება შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ახალი ელჩის პირობებში „მთლიანად აღიკვეთება ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც დაკავებული არიან ქვეყანაში რევოლუციური გეგმების რეალიზებით“.
„თავის დროზე ამისთვის იყო შედგენილი შესაბამისი კანონპროექტი,რომელზეც სამუდამოდ უარი ითქვა, რაც პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა. ჩვენი მიზანი იყო გამჭვირვალობა. რეალურად, გაუმჭვირვალედ ხდება კონკრეტული ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც დაკავებული არიან ქვეყანაში შუღლის გაღვივებით. სამწუხაროდ, გარედან ხდება ამ ორგანიზაციების დაფინანსება, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. საზოგადოებას დღემდე არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იღებს ამ დაფინანსებას, რამდენს იღებს, რისთვის და ასე შემდეგ. უკეთესი იქნებოდა ეს გამჭვირვალე ყოფილიყო, თუმცა შესაბამისი დონორების ინტერესებში არ არის, რომ ეს დაფინანსება გამჭვირვალე იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხი გაარკვევს იმას, რომ კონკრეტული წყაროებიდან ხდება საქართველოში აგრესიის, რევოლუციური სცენარების და ა.შ დაფინანსება, რაც ბუნებრივია, ჩვენთვის მიუღებელია. ყველა უნდა გაემიჯნოს ასეთი დაფინანსების შემთხვევებს. შემდეგი ელჩის პირობებში იმედი მაქვს, რომ მთლიანად აღიკვეთება ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც დაკავებული არიან ქვეყანაში რევოლუციური გეგმების რეალიზებით“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, საზოგადოებრივმა მოძრაობა „ხალხის ძალამ“ განცხადება გაავრცელა და საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი პოლარიზაციის გაღვივებაში დაადანაშაულა.
„გვინდა დავუსვათ კითხვა კელი დეგნანს: რატომ არ ასვენებთ ამ ქვეყანას? რატომ აფინანსებთ ანტიეროვნულ, ანტიეკლესიურ და აგრესიულ ლიბერალ-ფაშისტურ ორგანიზაციებს? რატომ აფინანსებთ და აღვივებთ პოლარიზაციას?- იმედია, ახალი ელჩი მაინც გაუწევს ანგარიშს ქართული საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და შეწყდება ლიბერალ-ფაშისტური რევოლუციის დაფინანსება“,-აღნიშნულია განცხადებაში.