რომან გოცირიძე - ხელისუფლება შეიცვლება და მომავალ ხელისუფლებას მოუწევს რეკომენდაციების შესრულება, ამიტომ ავანსად კანდიდატის სტატუსი იქნება იდეალური გამოსავალი ამ ვითარებაში

ხელისუფლება შეიცვლება და მომავალ ხელისუფლებას მოუწევს რეკომენდაციების შესრულება, ამიტომ ავანსად კანდიდატის სტატუსი იქნება იდეალური გამოსავალი ამ ვითარებაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სტატუსის მიღება ბევრ რამეზეა დამოკიდებული, რაც შეეხება რეკომენდაციებს, როგორც გოცირიძე ამბობს, არც ერთი მათგანი შესრულებული არ არის.

"12 რეკომენდაციიდან შესრულებული არ არის არც ერთი, ერთიც არ არის. რაც არის, არის ძალიან ზედაპირული და ფასადური. სტატუსის მიღება ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის, საერთაშორისო მდგომარეობაზე. პროგნოზის გაკეთება ძნელია. ეს ხელისუფლება არ არის მუდმივი, შეიცვლება და მომავალ ხელისუფლებას მოუწევს რეკომენდაციების შესრულება. ამიტომ ბუნებრივია, ავანსად კანდიდატის სტატუსი იქნება იდეალური გამოსავალი ამ ვითარებაში. მომდევნო ხელისუფლებას მოუწევს იმ საკითხების გადაჭრა, რაც დგას. ამ ხელისუფლების პირობებში თუ სტატუსი იქნება მიღებული, ეს ხელისუფლებასთან არ იქნება კავშირში, რადგან სტატუსი ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის პოლიტიკურ ვითარებაზე", - განაცხადა გოცირიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ დეკემბრამდე დეოლიგარქიზაციის კანონს აღარ მიიღებენ და დალოდებიან ამოიღებს თუ არა რეკომენდაციებიდან ევროკომისია დეოლიგარქიზაციის პუნქტს.

"ევროკავშირის მთავარი მოთხოვნაა, ქვეყანა იმართებოდეს დემოკრატიულად, ოლიგარქები არ იყვნენ, არ იყოს არაფორმალურო მმართველობა და უკან ამ მოთხოვნას ევროკავშირი არასდროს წაიღებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ დეოლიგარქიზაციის კანონით განისაზღვრება ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობის მოსპობა,"- განაცხადა გოცირიძემ.

ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ზეპირ ანგარიშს 22 ივნისს, ევროკავშირის გენერალურ საქმეთა საბჭოზე წარადგენს. ცნობილია, რომ საქართველოს მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის მიერ გაცემული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ანგარიშს ევროკომისია ოქტომბერში წარადგენს. დეკემბერში კი ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა