ჩვენ ვინარჩუნებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციის მიმართ, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხარჯზე დაძლია რუსეთმა სავაჭრო-ეკონომიკური ბლოკადა, ეს რა თქმა უნდა, არასწორია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „რია ნოვოსტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც გამოცემა რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ, რუსლან დავიდოვზე დაყრდნობით ამბობდა, რომ რუსეთმა დასავლეთის ეკონომიკური ბლოკადა ზემო ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის დახმარებით გაარღვია.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს წილს რუსეთის ვაჭრობაში 0.3%-ია.
„რუსეთის ფედერაციას აქვს სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები მრავალ ქვეყანასთან, მათ შორის არის უზარმაზარი ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი. რაც შეეხება საქართველოს წილს რუსეთის ვაჭრობაში, ეს არის 0.3%. აქედან გამომდინარე, როცა ვიღაც ამბობს, რომ საქართველოს შეაქვს არსებითი წვლილი ამ ბლოკადის დაძლევაში, ეს არის აცდენილი სინამდვილესთან. ჩვენ ვინარჩუნებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციის მიმართ, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხარჯზე დაძლია რუსეთმა სავაჭრო - ეკონომიკური ბლოკადა, ეს რა თქმა უნდა, არასწორია. ჩვენ მომავალშიც შევინარჩუნებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მოსახლეობას, ამ კუთხით, ჩვენი პოლიტიკა არ გადაიხედება“, - განაცხადა კობახიძემ.