სააკაშვილმა დაძლია დემენცია, რომელიც მანამდე ითვლებოდა დაუძლეველ დაავადებად. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ სრული ფარსი იყო, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას.
როგორც კობახიძემ განმარტა, ბოლო 600 დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა და საკუთარი თავი კიდევ ერთხელ, როგორც მატყუარამ წარმოაჩინა. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება პოლიტიკაზე გავლენას ვერ მოახდენს.
„პირდაპირ გვატყუებდნენ, თან - ვინ, გაიხსენეთ. მთელი ოპოზიცია რომ იყო ჩართული, გასაგებია, „ენჯეოები“ რომ იყვნენ ჩართული, ესეც გასაგებია, ოპოზიციის ტელევიზიებიც რომ იყვნენ ჩართული, ესეც გასაგებია, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ფარსში ჩართული იყო ადამიანი, რომელსაც სახალხო დამცველი ერქვა, მისი ექიმები - ადამიანებს ექიმები ერქვათ და პირდაპირ იტყუებოდნენ ამ თემასთან დაკავშირებით, ასევე, უცხოელები. ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოხვდა ამასთან დაკავშირებით ჩანაწერი და ა.შ. ეს რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ძალიან დიდი ტყუილი იყო და ამ ტყუილში შეგნებულად იყო თითოეული ეს სუბიექტი ჩართული, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მათ რომ ღირსება ჰქონდეთ, ქართულ საზოგადოებას ამ ყველაფერთან დაკავშირებით ბოდიშს მოუხდიდნენ იმისთვის, რომ ამ ტყუილში და ფარსში იყვნენ ჩართული. თუმცა, ვხედავთ, რომ არავითარი ბოდიში მათგან არ ისმის, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მთლიანად პოლიტიკური ინტერესებით იყო ნაკარნახები.
რაც შეეხება პოლიტიკაში სააკაშვილის ჩართვას, ვერავითარი - ვერც ასეთი, ვერც ისეთი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე სააკაშვილის პოლიტიკაში ჩართვას ვერ ექნება. მათ შორის, იმის გამო, რომ მან განსაკუთრებით, ამ ბოლო 600 დღის განმავლობაში მოახდინა საკუთარი თავის დისკრედიტაცია, მან საკუთარი თავი წარმოაჩინა კიდევ ერთხელ, როგორც მატყუარამ, ეს ისედაც იცოდა მოსახლეობის უმრავლესობამ, მაგრამ ასეთი ტყუილი აკადრა საზოგადოებას. ამის შემდეგ შეუძლებელია, რომ მისმა პოლიტიკაში დაბრუნებამ პოლიტიკაზე რამე გავლენა მოახდინოს“, - განაცხადა კობახიძემ.