ხატია დეკანოიძე - "ქართული ოცნების" ყველა ლიდერი ატყუებდა საზოგადოებას, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები შესრულდა - ტყუილი არ იფუთება და ის დღეს გამოჩნდა

"ქართული ოცნების" ყველა ლიდერი ატყუებდა საზოგადოებას, რომ რეკომენდაციები შესრულდა - ტყუილი არ იფუთება და ეს დღეს გამოჩნდა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკომისარის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველომ 12-დან 3 რეკომენდაცია შეასრულა.

დეკანოიძის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციები კვლავ შესასრულებელია.

"მთელი ამ პერიოდის განმავლობაში "ქართული ოცნება", დაწყებული პრემიერ-მინისტრიდან, "ქართული ოცნების" ყველა ლიდერი ატყუებდა საზოგადოებას, რომ ყველა პუნქტი შესრულდა. როგორც აღმოჩნდა, რეკომენდაციები შესრულებული არ არის და ამაზე ხაზგასმა გააკეთა ევროკომისიამ, 12- დან მხოლოდ 3 არის შესრულებული. რა თქმა უნდა, ყველა მნიშვნელოვანია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რაც კვლავ უდიდესი გამოწვევაა საქართველოსთვის, ეს არის მართლმსაჯულების რეფორმა, დეპოლარიზაცია, მედიაპლურალიზმი და ა.შ. კვლავ რჩება ღიად და ევროკომისია მისი შესრულებისკენ მოუწოდებს. ტყუილი არ იფუთება ბოლომდე და ეს გამოჩნდა დღეს. რეკომენდაციები არ სრულდება და ამის გარეშე რა თქმა უნდა, საქართველოს შეექმნება სერიოზული დაბრკოლებები", - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის განცხადებით, საქართველოს, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ სამი აქვს შესრულებული.

მისი თქმით, შესრულებულ რეკომენდაციებს შორის არის, გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება. სახალხო დამცველის დანიშნა გამჭვირვალე პროცესით.

ამასთან, ვარჰეის განმარტებით, საქართველომ 12 პრიორიტეტიდან 7 მიმართლებით გარკვეულ პროგრესს მიაღწია.

„7 სხვა მიმართულებით საქართველომ მიაღწია გარკვეულ პროგრესს - მათ შორის, პოლიტიკური პოლარიზაციის მიმართულებით, სახელმწიფო ინსტიტუტების სრული ფუნქციონირების მიმართულებით და საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით, გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმების სტრატეგიის მიღებისა და განხორციელების თვალსაზრისით, ასევე, ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის გაძლიერების თვალსაზრისით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიმართულებით, მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფის მიმართულებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - განაცხადა ვარჰეიმ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს