დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით რა შეფასებაც გუშინ იყო, აჩვენა, რომ ცალკე პუნქტად დეოლიგარქიზაციის გამოტანამ 12 რეკომენდაციაში ბუნდოვანება შექმნა და უადგილო იყო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, თავად ევროკომისიაც ჩამოყალიბდა, რომ პერსონალური მიდგომა სწორი არ არის და დეოლიგარქიზაციის პუნქტი არასათანადო იყო.
„გუშინ, როდესაც ვისმენდით შეფასებებს, მგონი, მთავარი რაც ითქვა, არის ის, რომ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, თავად ევროკომისიაც ჩამოყალიბდა, რომ პერსონალური მიდგომა არ არის სწორი. ხაზი იყო გასმული კონკურენციის კანონმდებლობაზე, პარტიების დაფინანსების კანონმდებლობაზე, ამით დადასტურდა ის, რაზეც ვსაუბრობდით, რომ დეოლიგარქიზაციის პუნქტი ბუნდოვანი იყო, არასათანადო. რაც შეეხება ამ ორ საკითხს, სისტემური მიდგომას და კონკურენციის სამართალს პარტიების დაფინანსების კუთხით, იქაც საუბარი იყო შესაძლო დახვეწაზე, ვნახავთ ამ მხრივ რა შეიძლება გაკეთდეს. მთავარია, რომ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით შეფასებამ, რაც გუშინ იყო, აჩვენა, რომ ცალკე პუნქტად დეოლიგარქიზაციის გამოტანამ 12 რეკომენდაციაში ბუნდოვანება შექმნა და უადგილო იყო“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, სტოკჰოლმში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ზეპირი ანგარიშის წარდგენა გაიმართა. როგორც ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, საქართველოს, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ სამი აქვს შესრულებული. ამასთან, ვარჰეის განმარტებით, საქართველომ 12 პრიორიტეტიდან 7 მიმართულებით გარკვეულ პროგრესს მიაღწია. ამასთან, ევროპული საბჭოს პრესრელიზში ნათქვამი იყო, რომ „საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება – „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მესამე მოსმენით არმიღება – პოზიტიური ნაბიჯია“.