ლევან ბეჟაშვილი - გვარამიას გათავისუფლება მნიშვნელოვანი პროცესების დასაწყისი იქნება - პრეზიდენტისგან ნახევარი ნაბიჯები საკმარისი არაა, ეროვნული ინტერესები სააკაშვილის გათავისუფლებასაც მოითხოვს

გვარამიას გათავისუფლება მნიშვნელოვანი პროცესების დასაწყისი იქნება - პრეზიდენტისგან ნახევარი ნაბიჯები საკმარისი არაა, ეროვნული ინტერესები მოითხოვს ასევე სააკაშვილის გათავისუფლებას,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მან პრეზიდენტს შეახსენა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილი ერთ-ერთი ბრალდება იმავე დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებას შეეხება, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამოიყენა.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო გუშინ საქართველოსთვის, პრეზიდენტმა მიიღო პასუხისმგებლიანი, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და გაათავისუფლა პოლიტპატიმარი გვარამია, დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი პროცესების დასაწყისი იქნება საქართველოსთვის. პრეზიდენტმა იხელმძღვანელა კონსტიტუციით, სახელმწიფოს და ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებული ინტერესებით. მოვითხოვთ პრეზიდენტისგან, რომ მხოლოდ ნახევარი ნაბიჯებით შემოფარგვლა არ არის საკმარისი, დღეს საქართველოს ეროვნული ინტერესები მოითხოვს ასევე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მან თავის დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა და შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ერთ-ერთი ბრალდების საფუძველი სწორედ კონსტიტუციური დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება გახდა. ამიტომ ამ მხრივაც, მნიშვნელოვანია, თუ პრეზიდენტი სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას. დღეს სრულიად ახალ რეალობაში გაიღვიძა სახელმწიფომ და დარწმუნებული ვარ ახალი გამარჯვებები, ახალი საეტაპო გადაწყვეტილებები იქნება სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

კითხვაზე, უშვებს თუ არა გვარამიას პოლიტიკაში ჩართვის შესაძლებლობას, ბეჟაშვილი აცხადებს, რომ „სამოქალაქო-პოლიტიკურ ასპარეზზე გვარამია მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება და მისი მონაწილეობა სასურველიც არის და სავალდებულოც“.

„მას უნდა ვაცალოთ გაეცნოს კონტექსტს, რაც არსებობს ქვეყნის პოლიტიკურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და შეაფასოს ის ვითარება რაც შექმნილია ამ მხრივ. დარწმუნებული ვარ, ნიკა გვარამიას აქტივი და რესურსი გამოყენებული იქნება სწორედ იმ მიმართულებით, რომელიც ქვეყანას სჭირდება. ბუნებრივია, სამოქალაქო-პოლიტიკურ ასპარეზზე ის მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება და მისი მონაწილეობა სასურველიც არის და სავალდებულოც, ჩემი აზრით“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა