ამერიკა და მთელი ცივილიზებული სამყარო ჩვენ გვერდითაა, ისინი ძნელბედობის ჟამს არ დაგვტოვებენ პუტინისა და ივანიშვილის საჯიჯგნად, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას განაცხადა.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ამჯერად სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
გიორგი ვაშაძის თქმით, დასავლელი პარტნიორები „ქართული ოცნების“ რუსული პოლიტიკის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას ფლობენ და მზად არიან, საქართველოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში მაქსიმალური დახმარება გაუწიონ.
მისივე განცხადებით, მომავალ არჩევნებში ქართველ ხალხს ს დასავლურ სამყაროსა და „ქართული ოცნების“ პრორუსულ ძალას შორის მკაფიო არჩევანის დაფიქსირება მოუწევ.
„უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გვქონდა სახელმწიფო დეპარტამენტში. ვფიქრობ, რომ ძალიან მკაფიოა ყველაფერი. ამერიკა ქართველი ხალხის მხარესაა, „ქართული ოცნება“ კი - რუსეთის. ამერიკა გვთავაზობს მეტ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების მხარდაჭერას, „ქართული ოცნება“ კი გვეუბნება, რომ დამარცხებისთვის განწირული პუტინის მართვის ობიექტები უნდა ვიყოთ. ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მომავალ წელიწადს, საქართველო ან ირჩევს ამერიკის პარტნიორობასა და ნატო-ში გაწევრიანებას და არის შემდგარი სახელმწიფო ძლიერი ეკონომიკით, ან არის გაუბედურებული ტერიტორია რუსეთის ჩრდილქვეშ. ეს უნდა გადავწყვიტოთ ჩვენ. რაც შეეხება, ჩვენი ამერიკელი მეგობრების პოზიციას, ძალიან მკაფიოა და დღესავით ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ არის პრორუსული პოლიტიკური ძალა, ასევე ქმედითი ნაბიჯები იქნება მათი მხრიდან, ეს იქნება სადამკვირვებლო მისიები არჩევნებისთვის, სანქციებიც გაგრძელდება. ყველას, ვინც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ წავა და ეცდება ავტორიტარული რეჟიმი დაამყაროს, ჩვენთან ერთად, შესაბამის პასუხს ჩვენი დასავლელი პარტნიორები გასცემენ. დღეს კიდევ გვქონდა საუბარი შავი ზღვის მხარდაჭერის აქტზე, რომელიც არის გასაოცარი შესაძლებლობა ჩვენთვის ჩამოვიტანოთ მილიონობით საქართველოში თავის სავიზო რეჟიმის გამარტივებით, თავისუფალი ვაჭრობითა და თავდაცვისუნარიანობის ზრდით. ძალა ერთობაშია, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! ამერიკა და მთელი ცივილიზებული სამყარო ჩვენ გვერდითაა, ისინი ძნელბედობის ჟამს არ დაგვტოვებენ პუტინისა და ივანიშვილის საჯიჯგნად“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.