სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლას, მძიმე გამონათქვამებს, მივარდნებს ველოდები, რასაც სხვადასხვა ჯგუფები აანონსებენ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
„სალომე ზურაბიშვილის ეს გადაწყვეტილება იყო ძალიან სწორი, რადგან ნიკა გვარამიას საქმე იყო თავიდან ბოლომდე შეთითხნილი და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ უნდა გათავისუფლებულიყო არა მხოლოდ იმიტომ, რომ 12- დან ერთი რეკომენდაცია შესრულებულიყო, არამედ იმიტომ, რომ ნიკა იყო უდანაშაულო და მისი თავისუფლება არის მნიშვნელოვანი. მე ველოდები სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლას, მძიმე გამონათქვამებს, მივარდნებს, რასაც სხვადასხვა ჯგუფები აანონსებენ. თუ სალომე ზურაბიშვილზე განხორციელდება ზეწოლა, მე როგორც ერთი ადამიანი, მოქალაქე და პოლიტიკოსი, მზად ვარ ის დავიცვა ნებისმიერ შემთხვევაში. ასევე არ შემიძლია არ გამოვეხმაურო კონსპიროლოგიებს, რომელიც არის სხვადასხვა მიმართულებით. მე შორს ვიყავი იმისგან, რომ ივანიშვილის წარმოჩენა ხდებოდეს როგორც ყოვლისშემძლეს, რომელიც 100-სვლიან სტრატეგიას თვლის. ივანიშვილი არის ოლიგარქი, არაფორმალური მმართველი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი პოზიციები, დასავლელი პარტნიორების პოზიციები ნიკას გამოსვლით გაძლიერდა. ეს იყო მნიშვნელოვანი, სწორი და ევროპისკენ დაახლოების სერიოზული გადაწყვეტილება”, - განაცხადა დეკანოიძემ.