რთული წარმოსადგენია, რომ ადამიანი, რომელიც ხელს უწყობდა პოლარიზაციას და იყო ცეცხლზე ნავთის დამსხმელი, ხელი შეუწყოს დეპოლარიზაციას, არ ვფიქრობ, რომ მის პატიმრობას რამე საერთო ჰქონდა მედიათავისუფლებასთან,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რითაც „მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას გათავისუფლებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ევროპელი ლიდერებისა და ევროკავშირის პოზიცია.
ბოჭორიშვილი დასძენს, რომ რთული სათქმელია, რამდენად გამოხატავდა პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ნებას.
„ზოგადად, 12 რეკომენდაციის შესრულება არის ამოსავალი წერტილი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება შეფასებები 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით და თუ ნებისმიერ ქმედებას შევხედავთ ამ ჭრილში, მაშინ უნდა მოვისმინოთ ევროპელი ლიდერების და ევროკავშირის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, მოგვწონს თუ არა ეს გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტმა მიიღო გუშინ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. განცხადებები, რომელიც ჩვენ გვესმის ევროკავშირის ლიდერების მხრიდან, შეგვიძლია დავაკავშიროთ არაერთი რეკომენდაციის შესრულებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის დეპოლარიზაცია, რომელიც აღინიშნა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის მხრიდან და თუკი ეს ნაბიჯი მოემსახურება ამ რეკომენდაციის შესრულებას და ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, ეს არის მომავლის საკითხი, შევხედოთ როგორ შეგვაფასებს ევროკომისია ამ საკითხთან დაკავშირებით. ზოგადად, რთული სათქმელია, რამდენად გამოხატავდა პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესს და ნებას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
როგორც ის აღნიშნავს, დემოკრატიული სამყაროსთვის დამახასიათებელია პოლარიზაციის გარკვეული დონე და რთულია გამოვიცნოთ, ვინ რას გულისხმობს დეპოლარიზაციაში.
„თუკი ასე ხედავს ევროკავშირი, რომ ეს შეიძლება ჩაითვალოს დეპოლარიზაციად, ვნახავთ შეფასებებს, რომელიც გაკეთდება საქართველოსთან დაკავშირებით. თუმცა, ძალიან რთული წარმოსადგენია, რომ ადამიანი, რომელიც ხელს უწყობდა პირიქით ყოველთვის პოლარიზაციას და იყო ცეცხლზე ნავთის დამსხმელი, ხელი შეუწყოს დეპოლარიზაციას. მე არ ვფიქრობ, რომ გვარამიას პატიმრობას საერთოდ რამე საერთო ჰქონდა მედიათავისუფლებასთან და მედიაპლურალიზმთან”, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.