გიგა ბოკერია - მთავარი რიტორიკული კითხვაა, გვარამიას შეწყალების შემდეგ არსებითად გავხდით თუ არა უკეთესი ქვეყანა, პოლიტიკურად დავუახლოვდით თუ არა ჩვენს დასავლურ იდენტობასა და მომავალს - პასუხი არის „არა"

მთავარი რიტორიკული კითხვაა - ამ ამბის შემდეგ არსებითად გავხდით თუ არა უკეთესი ქვეყანა, პოლიტიკურად დავუახლოვდით თუ არა ჩვენს დასავლურ იდენტობასა და მომავალს. პასუხი არის „არა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნიკა გვარამიას გათავისუფლება დაგვიანებული, თუმცა სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის პირობებში ქვეყანა თავისუფალი მაინც არ არის.

„ძალიან კარგია, რომ ნიკა გვარამია თავისუფალია, მაგრამ ქვეყანა თავისუფალი არ არის მანამ, სანამ მას ბიძინა ივანიშვილი მართავს. ეს ამ ამბის მოკლე შეფასებაა. მე მინდა ნიკა გვარამიას, მის ახლობლებს, ოჯახს, მეგობრებს და მთლიანად საზოგადოებას, ვინც ამ უმძიმეს პრობლემას ადეკვატურად აფასებდა, მივულოცო გათავისუფლება. ასეთ ვითარებაში ემოციებიც სრულიად გასაგებია. ნიკა გვარამიას საქმე, ივანიშვილის რეჟიმითაც კი, პოლიტიკურ საქმეებს შორის ყველაზე უტიფარი იყო.ამის ფონზე ჩვენ სიტუაციის საღი შეფასება არ უნდა დავკარგოთ. ჩემი მხრიდან, მთავარი რიტორიკული კითხვაა - ამ ამბის შემდეგ არსებითად გავხდით თუ არა უკეთესი ქვეყანა, პოლიტიკურად დავუახლოვდით თუ არა ჩვენს დასავლურ იდენტობასა და მომავალს. პასუხი არის „არა“. ჩვენ შეწყალების ინსტრუმენტით პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების არაერთი შემთხვევა გვახსოვს. დაგროვილია გამოცდილება, რომ ამას, საბოლოოდ ჯამში, ქვეყანა წინ არ წაუყვანია. მეტიც, ვნახეთ, რომ ამ საქმეებს ივანიშვილი და მისი რეჟიმი ისე, როგორც მძევლებით ვაჭრობას, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. უნდა გვესმოდეს, რომ მანამ, სანამ გვყავს რეჟიმი, რომელსაც ნებისმიერი ადამიანის დაჭერა უტიფარ საქმეზე შეუძლია, ჩვენი პოლიტიკური უბედურება მოგვარებული არ არის. ივანიშვილის რეჟიმის აგრესიულმა რეაქციამ არ უნდა მოგვატყუოს. მათ ზუსტად ასეთი რეაქცია ჰქონდათ წინა ჯერზე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე. ყველაზე ამაზრზენი ფორმით მათი დამოკიდებულება მაშინ ჩანს, როდესაც ახსენებენ გვარამიას თავდასხმებს სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით. ეს აჩვენებს, რომ მათ მართლმსაჯულება, როგორც პირადი ურთიერთობების გარკვევა, ისე ესმით“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების შეფასებისას ზედმეტ სიხარულს გამოხატავენ და ფიქრობენ, რომ ამით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას შეუწყობენ ხელს.

„რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ეს დაგვიანებული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება იყო. ოპოზიციის ნაწილი აღტყინებული იყო და ჩვენგან, ყველასგან, ვინც სალომე ზურაბიშვილს ადრე ამ გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო ვაკრიტიკებდით, ლამის პრეზიდენტისთვის ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. ჩვენ სწორი მოთხოვნა გვქონდა, ის შესრულდა, მაგრამ ბოდიში რისთვის უნდა მოვიხადოთ? იმისთვის, რომ უდანაშაულო ადამიანი 400 დღე ციხეში იჯდა? აქაც არ უნდა დავკარგოთ ადეკვატურობა. ჩვენი ყველას ფოკუსი, ვისაც ნიკა გვარამიას თავისუფლება საფუძვლიანად გაგვიხარდა, უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ ხელისუფლება შეიცვალოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ინფანტილური რეაქცია ამ ამბავზე. ეს იყო აღფრთოვანება და ზესიხარულის გამოხატვა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების შეფასებისას. ისინი ფიქრობენ, რომ მსგავსი შეფასებებით მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას შეუწყობენ ხელს. ეს რომც ასე მოხდეს, ჩვენი ქვეყნის პრობლემა ვერ გადაიჭრება, სანამ მას ივანიშვილის პუტინისტური რეჟიმი მართავს“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა