ყველა ის გემი, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გადაზიდავს რუსულ სანქცირებულ ნავთობპროდუქტებს იქნება სანქცირებული მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნის დროშის ქვეშ იქნება ის რეგისტრირებული,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიჭიროს სწორი პოზიცია - „უნდა იყოს იქ, სადაც არის ცივილიზებული სამყარო, სადაც სურს ქართველ ხალხს ყოფნა“.
„დღეს ერთობლივ პრესკონფერენციაზე ყაზახეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა ისაუბრეს თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ცენტრალურ სატრანსპორტო დერეფანს და ცენტრალური აზიიდან ტვირთების მოზიდვას საქართველოს გავლით ევროპის მიმართულებით. ისაუბრეს იმაზე, რომ შვიდჯერ გაიზარდა საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო ბრუნვა, თუმცა ეს პროცესი აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს: უკავშირდება თუ არა სავაჭრო ბრუნვის ზრდა რუსული სანქციებისთვის გვერდის ავლის სქემას, ე.წ პარალელურ იმპორტს, იმიტომ რომ ეს პროცესი მას შემდეგ შეიცვალა, როცა რუსეთმა, პუტინის ტერორისტულმა რეჟიმმა დაუშვა ე.წ პარალელური იმპორტი, რაც გულისხმობს მესამე ქვეყნებიდან ყველა იმ სანქცირებული პროდუქტის შეტანას რუსეთის ბაზარზე, რომელიც სანქციებიდან გამომდინარე დასავლური ქვეყნებიდან, აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან ვეღარ შედის რუსეთის ბაზარზე.
ამავდროულად ჩნდება ლეგიტიმური შეკითხვა იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობს ბათუმის პორტში, კონკრეტულად ბათუმის ნავთობ ტერმინალში, როცა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ამავდროულად ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული „კლანის“ წარმომადგენლები ლობირებენ საკვანძო თანამდებობაზე რუსული სახელმწიფო კომპანიის „როსნეფტის“, რომელიც არის სანქცირებული და არის პირდაპირი დონორი პუტინის ტერორისტული რეჟიმის- მათი საკადრო პოლიტიკის გატარებას ბათუმის ნავთობ ტერმინალში, რომ შემდგომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა ე.წ სანქციებისთვის გვერდის ავლის სქემით სანქცირებული, რუსული ნავთობ პროდუქტები მოხვდეს მესამე ქვეყნებში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში.
აი ეს კითხვები არსებობს დღეს, როგორც საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე ყაზახეთის ხელისუფლებასთან მიმართებაში და ამის პასუხი არის ევროკავშირის მიერ მიღებული ახალი, მეთერთმეტე სასანქციო პაკეტი, სადაც პირდაპირ არის გაწერილი კონკრეტული ღონისძიებები და ნაბიჯები იმ მესამე ქვეყნებთან მიმართებაში რომლებიც იქნებიან ჩართულნი სანქციებისთვის გვერდის ავლაში.
ყველა ის გემი, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გადაზიდავს რუსულ სანქცირებულ ნავთობპროდუქტებს იქნება სანქცირებული მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნის დროშის ქვეშ იქნება ის რეგისტრირებული. ასევე ინფრასტრუქტურა, იქნება ეს საპორტო, სატერმინალო თუ რაიმე სახის სხვა ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, რომელიც მოემსახურება რუსულ სანქცირებულ ნავთობ პროდუქტებს და ხელს შეუწყობს რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში იქნება სანქცირებული. ეს არის სიგნალი პირდაპირი რომელიც უნდა მიიღონ ყაზახეთის და საქართველოს ხელისუფლებებმა და დაიჭირონ სწორი პოზიცია - არ იმოძრაონ დინების საწინააღმდეგოდ, გლობალური პირობების საწინააღმდეგოდ, სადაც ერთ მხარეს არის ცივილიზებული სამყარო, განვითარება, პროგრესი- ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მტკიცე არჩევანი და მეორე მხარეს არის პუტინის ტერორისტული რეჟიმი, რომელიც ცდილობს თავი აარიდოს დასავლურ სანქციებს და აწარმოოს ვაჭრობა მესამე ქვეყნებთან.
საქართველოსთან მიმართებაში დასავლური ქვეყნების პოზიცია არის მკაფიო, სანქციები არ იქნება ქვეყნის წინააღმდეგ, არამედ იქნება უშუალოდ ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის წევრების, მაღალი თანამდებობის პირების და მათი ოჯახების წინააღმდეგ, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი არიან ამ სქემაში, როგორც დღეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ბატონი ლილუაშვილი. ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის სხვა წევრები, რომლებიც მოხვდებიან სანქციებში თუ არ შეწყვეტენ პუტინის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერას,“ - განაცხადა ვასო ურუშაძემ, რომლის კომენტარსაც "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.