ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ზეპირი მოხსენებით ახალი ვალდებულებები გაჩნდა, რაც მანამდე 12 პუნქტში არ ეწერა - გუშინ ჩვენ გზადაგზა ახალი საკითხების გაჩენის პირველი შემთხვევა ვნახეთ, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც სამხარაძემ განმარტა, 12 რეკომენდაციის გადმოცემის შემდეგ, ევროკომისიას საქართველოსთან რაიმე სახის წერილობითი კომუნიკაცია არ ჰქონია.
სამხარაძე იმასაც ამბობს, რომ პროგრესი თვალსაჩინოა და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.
„უნდა ითქვას, რომ ზეპირი შეფასება იმ მონაცემებს ეფუძნებოდა, რომელიც ჩვენ ევროკომისიას მაისში მივაწოდეთ. მაის-ივნისში სამუშაოები კიდევ გაგრძელდა. მათ შორის მომავალ კვირასაც გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
როდესაც ევროკომისარი გარკვეულ პროგრესზე ლაპარაკობდა, გარკვეულ პროგრესში აღნიშნული იყო, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი კანონები, სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები მიიღო.
რაც შესასრულებელი დარჩა ეს არის პროცესი, რომელსაც ევროკავშირი უნდა დააკვირდეს, თუ რამდენად დამოუკიდებელი იქნება ანტიკორუფციული ბიურო, რამდენად იქნება დაცული შეკრების თავისუფლება.
ყველაფერი ეს დამატებითი საკანონმდებლო აქტების მიღებას აღარ საჭიროებს. ამ შემთხვევაში ერთადერთი გამონაკლისი სასამართლო რეფორმაა, რომელიც ბოლომდე მიყვანილი არ არის და ამ სასესიო პერიოდში ბოლომდე იქნება მიყვანილი.
არის რეკომენდაცია აუდიო-ვიზუალურ დირექტივასთან საქართველოს თავსებადობაზე. საქართველომ შესაბამისი კანონი ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს მიიღო. შემდეგ ევროსაბჭომ ამ კანონპროექტზე გარკვეული რეკომენდაციები მიიღო. შესაბამისად, ევროკომისრის ზეპირ მოხსენებაში ახალი მოთხოვნა გაჩნდა, რომ მოხდეს კანონის ევროსაბჭოს რეკომენდაციებთან ჰარმონიზაცია.
აღსანიშნავია, რომ 12 რეკომენდაციის გადმოცემის შემდეგ, ევროკომისიის მხრიდან საქართველოსთან რაიმე წერილობითი კომუნიკაცია არ ყოფილა. სადაც კონკრეტიკა იყო - დაკმაყოფილებულია, ხოლო სადაც ზოგადი რეკომენდაციები იყო, მივიღეთ დაკონკრეტება რა უნდა გაკეთდეს, რაც, ჩემი აზრით, რთული დავალება არ არის", - განუცხადა ჟურნალისტებს ნიკოლოზ სამხარაძემ.
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის შეფასებით, საქართველოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ 3 აქვს შესრულებული, 7 მიმართულებით კი გარკვეულ პროგრესს მიაღწია.