საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი რამდენიმე დოკუმენტი განიხილეს და მათ რატიფიცირებას მხარი დაუჭირეს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. კონკრეტულად სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ წარადგინა „დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის წევრ სახელმწიფოებს შორის საკონსულო საკითხებში ურთიერთდახმარების აღმოჩენის შესახებ" კონვენცია. როგორც პარლამენტში განმარტავენ, კონვენცია მიზნად ისახავს სუამ-ის წევრ სახელმწიფოებს შორის საკონსულო კუთხით ურთიერთდახმარებას, კონვენციის მუხლების კონკრეტიზაციასა და კონვენციით გათვალისწინებული მოქმედებების ეფექტურად შესრულების ხელშეწყობას.
ამასთან, სხდომაზე 2020 წლის 31 აგვისტოს „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (პროექტი Log-In Georgia)" N1 ცვლილების წერილ-შეთანხმება", ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა, ეკა ყუბუსიძემ წარადგინა. პარლამენტის განმარტებით, პროექტის მიზანია ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან წვდომის გაზრდა და მისი გამოყენების ხელშეწყობა. „პროექტის Log-In Georgia ფარგლებში ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა აქტიურ ფაზაშია, დღეისათვის განხორციელებულია 550 კმ. ოპტიკურბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ამავდროულად მიმდინარეობს 220 კმ. მშენებლობა. ამის პარალელურად გაფორმებულია ორი შეთანხმება, 160 კმ-იანი და 270 კმ-იან მონაკვეთებზე, სადაც მიმდინარეობს პროექტირება. მთლიანობაში მიმდინარე და დასრულებული მშენებლობის მოცულობა წარმოადგენს 1710 კმ-ს", - განაცხადა მომხსენებელმა. სხდომაზე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საბერძნეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი" მონაწილეობისას, საბერძნეთის საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსებასთან დაკავშირებით ტექნიკური შეთანხმება განიხილეს. პარლამენტის ინფორმაციით, ტექნიკური შეთანხმების ფარგლებში, გაიწერება საქართველოსა და საბერძნეთს შორის უფლება-მოვალეობები, ხომალდზე განთავსების პირობები, ფინანსური ხარჯები, სამედიცინო უზრუნველყოფა და ა.შ. „ტექნიკური შეთანხმების გაფორმება, ოპერაციაში „ზღვისმცველი", ქართული დროშის დემონსტრირების, საბერძნეთის შეიარაღებულ ძალებთან ურთიერთობის გაღრმავების, NATO-ს საზღვაო ქვედანაყოფებთან თავსებადობის ამაღლების და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მხარდასაჭერად, ქართული მხარის მიერ წვლილის შეტანის შესაძლებლობას იძლევა", - აღნიშნა მომხსენებელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ლანა ცანავამ. სხდომაზე „სუამ-ის მონაწილე სახელმწიფოთა შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმების" საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესების თაობაზე" ოქმი განიხილეს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ წარადგინა. „ოქმზე ხელმოწერა არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი სავაჭრო-ურთიერთობების განვითარების კუთხით სუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის. ოქმის მიზანია სუამ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმების სრულფასოვანი ამოქმედება", - განაცხადა მომხსენებელმა.
პარლამენტის ინფორმაციით, ოქმში გათვალისწინებულია წევრ ქვეყნებს შორის „კუმულაციური" პრინციპის საფუძველზე თავისუფალი ვაჭრობა. კერძოდ, ის საშუალებას აძლევს წევრ ქვეყნებს გამოიყენონ ერთმანეთის ნედლეული, რის შედეგადაც პროდუქტს მიენიჭება იმ ქვეყანაში წარმოშობის სტატუსი, სადაც საბოლოო სახე მიიღო. გენადი არველაძემ ასევე წარადგინა. „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ" შეთანხმების II დანართის (წარმოშობის წესები და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდები) ცვლილების თაობაზე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის და საქართველოს ერთობლივი კომიტეტის N2 2022 გადაწყვეტილება". მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილება გულისხმობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოქმედ რედაქციაში დამატებითი დებულებების გაწერას, რომელიც მიუთითებს წარმოშობის პრეფერენციული წესების კონვენციის განახლებულ რედაქციაზე, როგორც ალტერნატიულად გამოსაყენებელ წესებზე. სხდომაზე ასევე განიხილეს „2019 წლის 21 ოქტომბრის „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაში" ცვლილებების შეტანის შესახებ" ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება.