„ლელოს“ წევრის ნიკა ჩერქეზიშვილის განცხადებით, განათლების სამინისტრო აპირებს, ტენდერის გამოცხადების გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, რეკლამაზე 2 000 000 ლარი დახარჯოს.
ჩერქეზიშვილის თქმით, რეკლამა სკოლების და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციას ეხება.
„განათლების სამინისტრო ტენდერის გამოცხადების გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, აპირებს 2 000 000 ლარის დახარჯვას რეკლამაზე.
რეკლამა ეხება სკოლების და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციას. ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების არარაციონალური და არამიზნობრივი ხარჯვა და კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ პროცესი არის აბსოლუტურად არაორგანიზებული.
წლებია უკვე, რაც თბილისის ბევრ სკოლაში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი, დანგრეულია შენობები, არაერთგზის დარღვეულია სამშენებლო და სარეაბილიტაციო ვადები და ნაცვლად იმისა, რომ საქმე აკეთონ და ეს იყოს საუკეთესო რეკლამა, 2 000 000 ლარი უნდა დაილექოს ვიღაცების ჯიბეში“, - აცხადებს ნიკა ჩერქეზიშვილი, რომლის კომენტარსაც „ლელო“ ავრცელებს.