როდესაც პუტინის ბოროტების იმპერია ფაქტობრივად, ჩამოშლილია, უმნიშვნელოვანესია, პუტინის პირადი პატიმარი, მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იყოს - მეტიც, საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის მას საქართველოს ხელისუფლებამ უნდა სთხოვოს, უკრაინაში დაეხმაროს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ არავინ იცის, საქართველოში რა საქმეზე იმყოფება რუსეთის ათი ათასობით მოქალაქე. ხაბეიშვილის აზრით, მათი დამატებითი კონტროლი უნდა მოხდეს.
„მნიშვნელოვანია პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება, რომელიც იქნება მთავარი გარანტი, ლობისტი, რომ როგორც კი უკრაინა ომს მოიგებს, მშვიდობიანად მოხდეს საქართველოს დეოკუპაცია, საქართველოს გაერთიანება. ამისთვის ამ პირობებში, როდესაც პუტინის ბოროტების იმპერია, ფაქტობრივად, ჩამოშლილია და მისი რღვევა მიმდინარეობს, უმნიშვნელოვანესია, პუტინის პირადი პატიმარი, მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იყოს. მეტიც, საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის მას უნდა სთხოვოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ დაეხმაროს უკრაინაში იმისთვის, რომ მშვიდობიანად მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ უკონტროლოდაა შემოსული 10 ათასობით "პუტინისტი" საქართველოში და არავინ იცის, რა საქმეზე არიან. ამიტომ, დამატებითი კონტროლი უნდა მოხდეს იმ რუს მოქალაქეებზე, რომელთა სურვილების შესახებ არაფერი ვიცით“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.