„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა და საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ თბილისში, საბურთალოს რაიონული ოფისი გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია „ნაციონალური მოძრაობის“ ინფრასტრუქტურის გაძლიერება.
„ვაგრძელებთ ოფისების გახსნას, ამჯერად დედაქალაქში, საბურთალოზე გავხსენით ოფისი, ვხვდებით ჩვენს ამომრჩევლებს და ვსაუბრობთ ისეთ თემებზე, როგორიც არის მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მნიშვნელობა, რომელიც უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნისთვის ტერიტორიული მთლიანობის გარანტი, ლობისტი უკრაინის გამარჯვების პარალელურად და ვის თუ არა მიშა სააკაშვილს შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ფუნქციის შესრულება მშვიდობიან გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და პარალელურად ცხადია, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია „ნაციონალური მოძრაობის“ ინფრასტრუქტურის გაძლიერება, ამ ადამიანებთან ძალიან ბევრი მუშაობა და საბოლოო ჯამში ჩვენ ყველა ერთად მოძლიერებულები, მოღონიერებულები კიდევ უფრო მწყობრად დავამარცხებთ „რუსულ ოცნებას“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ.
ამასთან, ირაკლი ნადირაძემ აღნიშნა, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია და ფლაგმანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს ძლიერი ისე, როგორც არასდროს.
„ქვეყანა არის გადამწყვეტ ბრძოლაში, ჩვენ დასამარცხებელი გვყავს რუსი ოლიგარქია და ოლიგარქიული რეჟიმი „ქართული ოცნების“ სახით, რომელიც დღეს წარმოადგენს კრემლის ქართულ ფილიალს. ამიტომ მთავარი ოპოზიციური პარტია და ფლაგმანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს ძლიერი როგორც არასდროს, გაძლიერდეს სტრუქტურულად და ჰქონდეს შესაბამისი ოფისები. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ მიშა და ეს ქვეყანა პუტინისგან და პუტინის ტყვეობისგან, დღეს ვხსნით საბურთალოს რაიონულ ორგანიზაციას და ოფისების გახსნა გაგრძელდება და გაგრძელდება თბილისის პარტიული ორგანიზაციების გაძლიერებით“, - აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.