მინისტრმა კულებამ პირდაპირ მიგვანიშნა, რომ ხელისუფლებაში გვიზის პრორუსი ხელისუფლება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ომის დაწყების დღიდანვე ინფორმაცია აქვს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარება საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.
„მას შემდეგ, რაც დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა „რუსული ოცნების“, ჩვენი „ქოცების“ პირველადი ინსტინქტი იყო შემდეგი, რომ „ჩვენ დიდი ფულის კეთების შანსი გაგვიჩნდა“. სწორედ ამას აკეთებენ, სხვადასხვა ტიპის პროდუქციაზე დიდ ფულს აკეთებენ, მათ შორის სამხედრო დანიშნულების. მეორე - „პოლიტიკურად ვასიამოვნოთ პრეზიდენტ პუტინს“, ამ გზას ადგანან. არამხოლოდ პუტინი, არამედ მთელი მისი პროპაგანდისტებიც და ლუკაშენკოც კი ჩაერთო „რუსული ოცნების“ ქება-დიდებაში. სხვადასხვა ქვეყნის საგარეო უწყებებიდან შემოსული ინფორმაციები გროვდება ასევე კიევშიც და ცხადია, საგარეო საქმეთა მინისტრ კულებას რუსული აგრესიის დაწყების პირველი დღიდანვე ინფორმაცია აქვს, თუ რას აკეთებს, როგორ მოქმედებს, ვისთან, რა ტიპის პროდუქციით ვაჭრობს რუსული ოცნება, როგორ ეხმარება საქართველო, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში, რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში. ასევე, როგორ გადაიქცა შავ ხვრელად და დერეფნად იმისათვის, რომ რუსეთმა მიიღოს ის აკრძალული პროდუქტების ჩამონათვალი, საქონლის, რომელიც სანქციების შედეგად აიკრძალა“, - განაცხადა ცისკარიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.