პარლამენტის კულტურის კომიტეტზე „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტის კულტურის კომიტეტზე „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი კანონპროექტის განხილვის გადადებას ითხოვს, ნაწილი კი, კანონპროექტის არსებული ვარიანტის მიღებას მხარს უჭერს. ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას თქმით, რადგან კანონპროექტი დაპირისპირებას იწვევს, მისმა განხილვამ უნდა გადაიწიოს.

„თუ კანონპროექტი იწვევს ასეთ დაპირისპირებას და არსებობს დიდი გუნდი, რომელსაც ამ კანონპროექტის მიღება არ სურს და უბრალოდ ამ დარბაზში ვერ ეტევიან, ეს ნიშნავს, რომ კანონპროექტი უნდა გადაიწიოს და კომპრომისული ვერსია მოვნახოთ. დღეს შეიძლება ეს ადამიანები გავიდნენ კმაყოფილები, მაგრამ მეორე უკმაყოფილო ტალღა რომ შემოვა, ეს არ მინდა“, - განაცხადა კორძაიამ.

დამოუკიდებელი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე ასევე მიიჩნევს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს, უმჯობესი იქნება მასთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდეს.

„თქვენ ქალბატონო ბაია [კვიციანი], როგორ მიუდგებოდით ამ საკითხს, როდესაც არის საეჭვო გარემოებები და მათ შორის ჟურნალისტებსაც აქვთ შეკითხვები, მაგალითად, რუსულ გავლენებთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებასთან მყარად ასოცირებული ადამიანის გავლენებზე, ასევე როდესაც არსებობს კითხვები, ამის გათვალისწინებით, ხომ არ ჯობდა, კიდევ გვქონოდა განხილვა და ადამიანებთან შეხვედრა“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

აღნიშნული ოპოზიციონერებისგან განსხვავებით, კანონპროექტის მიღების მომხრეა დამოუკიდებელი დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე. „ეს კანონპროექტი შესაჩერებელი კი არაა, არამედ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიღოთ. გვეყოფა ეს მიტინგები“,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დეპუტატების კრიტიკას სხდომის თავმჯდომარე ირაკლი მეზურნიშვილმა უპასუხა, რომ საკითხზე მუშაობა უკვე ორი წელია მიმდინარეობს.

კანონპროექტის მომხსენებელმა, ბაია კვიციანმა კი განაცხადა, რომ კანონპროექტის განხილვის მიზნით დაინტერესებული ადამიანები სამჯერ ჰყავდათ მიწვეული.

„სამჯერ გვყავდა მოწვეული ყველა დაინტერესებული ადამიანი, პარლამენტის ვებ-გვერდზე ყოველ ჯერზე იდებოდა ამის ანონსი. ლაპარაკი რომ არ დაწყებულიყო პრორუსულობაზე და ამ კანონის რუსიფიკაცია რომ არ მომხდარიყო, ამ ამბავს ვერ ვაშუქებინებდი, აქედან გამომდინარე პრეტენზიას ვერ მივიღებ“, - განაცხადა ბაია კვიციანმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის კულტურის კომიტეტი მეორე მოსმენით - მუხლობრივად „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს იხილავს. საკანონმდებლო ინიციატივა მმართველ უმრავლესობის დეპუტატებს ეკუთვნით, რომელთა განმარტებით, პროექტი დაეფუძნა სამ პრინციპს - გამჭვირვალობა, კარგი მმართველობა და ანგარიშვალდებულება. ინიციატორთა განმარტებით, კანონპროექტის მიზანია საქართველოში საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესება და მისი ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან დაახლოება. კანონის პროექტის მიღების შედეგად ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის შექმნის წესები და პირობები გაიწერება. ინერგება კოლექტიური მართვის ორგანიზაციის აკრედიტაციის, მისი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველმყოფი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ახლებური მექანიზმი, ჰონორარის სამართლიანი განაწილებისა და ტარიფების დადგენის პრინციპები, რაც პროექტის ავტორთა განმარტებით, ხელს შეუწყობს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების უფლებათა ეფექტურ და ეფექტიან განხორციელებას ქონებრივ უფლებათა კოლექტიური მართვის სფეროში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს