ვეტო მნიშვნელოვანია, თუმცა, შედეგობრივად, უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, ცვლილებათა პაკეტი პრეზიდენტს ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირში გადაეგზავნა, რათა მომხდარიყო ხელისუფლების მხრიდან ცესკოს ერთპარტიული ოკუპაციის მცდელობის საერთაშორისო დონეზე მხილება , - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ, „ლელოს" წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.
მისი თქმით, როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს პრეზიდენტმა საარჩევნო ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევა ერთპარტიულად იქნება შესაძლებელი, ვეტო დაადო, რაც ეს ერთადერთი სამართლებრივი ბერკეტია, სანამ „ქართული ოცნება" უკან გადადგამს ნაბიჯს ინსტიტუციური დემოკრატიის დასამარებისაკენ.
"პრეზიდენტი თავის მოტივირებულ შენიშვნებში ხელისუფლებას 2/3-ის კვალიფიციური უმრავლესობის(100წევრის) არანაკლებ 3/5-ის უმრავლესობის (90მდე) დაწევას სავაზობს, მსგავსად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების და სახალხო დამცველი არჩევისა, რაც არ შეესაბამება „შარლ მიშელის შეთანხემებას" და არც ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს. კარგია, რომ პრეზიდენტიც ხედავს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების ერთპარტიულ არჩევაში იმ დიდ საფრთხეს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის ლეგიტიმაციასა და არჩევნებისადმი ნდობას ექმნება და ამ მიმართულებით ნაბიჯებს დგამს, თუმცა, ვეტოზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი იქნებოდა, პრეზიდენტს გამოეყენებინა ცვლილებათა პროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის შესაძლებლობა. „ქართული ოცნება" პარლამენტში 76 ხმას ფლობს ეს კოდექსის მისაღებადაც საკმარისია და ვეტოს დასაძლევადაც. ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნისა კი ხელისუფლებას ტყვიასავით ეშინია, რადგან მოცემული ცვლილებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის არაერთ უწინდელ დასკვნას, ეს კი ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმის მეორე პუნქტის დარღვევაა.ჯერ კიდევ არის შანსი, რომ მან ეს ბერკეტი გამოიყენოს, რათა მოხდეს ხელისუფლების მხრიდან ცესკოს ერთპარტიული ოკუპაციის მცდელობის მხილება საერთაშორისო დონეზე", - განაცხადა სიორაძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.