ძალიან მარტივია გლობალური ომის პარტიისთვის ევროკავშირში მანიპულირება. ნებისმიერი ერთი ქვეყანა შეუძლია გამოწიოს და ჩვენ არ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. ასეთ პირობებში, ნებისმიერი ქვეყნის ძლიერ მხარდაჭერას, ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომლის მიხედვითაც, „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის აზრით, უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას იმ შემთხვევაში მოაწერს ხელს, თუ ევროკავშირის სხვა ქვეყნები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დათანხმდებიან.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს არანაირი განსაკუთრებული ლობირება წესით არ უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
„ყველამ იცის, რომ შარშანაც გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, ეს თვითონ ევროკომისიამაც აღიარა, როცა იანვარში ქულებით შეფასება გამოაქვეყნა. ჩვენ ქულებით წინ ვუსწრებთ როგორც მოლდოვას, ასევე ბოსნიას. ამ ქვეყნებს უკვე მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, შესაბამისად, პრაქტიკულად ევროკომისიამ უკვე აღიარა, რომ საქართველოს შარშანაც ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, ამიტომაც, ეს კანდიდატის სტატუსი წელს დეკემბერშიც ეკუთვნის. თუ ოდნავ ობიექტური მაინც იქნება ის გადაწყვეტილება, რომელიც დეკემბერში ევროპულმა საბჭომ უნდა გამოიტანოს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. არანაირი განსაკუთრებული ლობირება წესით არ უნდა გვჭირდებოდეს, მაგრამ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, თითოეული ქვეყნის მხარდაჭერას ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა. ასევე, საინტერესოა, 27 ქვეყანა კონსენსუსით იღებს გადაწყვეტილებას, შესაბამისად, 27-ვე ქვეყნის მხარდაჭერა არის საჭირო. გლობალურ ომის პარტიას შეიძლება კვლავაც ჰქონდეს ინტერესი, რომ ჩვენ არ მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ძალიან მარტივია გლობალური ომის პარტიისთვის ევროკავშირში მანიპულირება. ნებისმიერი ერთი ქვეყანა შეუძლია გამოწიოს და ჩვენ არ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. ასეთ პირობებში, ნებისმიერი ქვეყნის ძლიერ მხარდაჭერას, მათ შორის უნგრეთის ძლიერ მხარდაჭერას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მთლიანობაში, დეკემბერში ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ გლობალური კონტექსტშიც ხელს შეუწყობს ჩვენს სასარგებლოდ დადებითი გადაწყვეტილების მიღებას, ეს არის ჩვენი ოპტიმიზმის საფუძველი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.