დიტო სამხარაძის პოსტებს არ კითხულობთ, ქალბატონო მაკა? - 12 -პუნქტიანი რეკომენდაცია კი არა, 120 რეკომენდაცია რომ შევასრულოთ, მაინც არ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსსო, მერე აგრძელებს დასავლეთის ლანძღვას და მერე ბოლოში წერს, ყველას დაგთვლითო, მედასავლეთეებზეა ლაპარაკი და გავწმენდ საქართველოს ერთხელ და სამუდამოდო და თქვენ პროდასავლეთეებში აღმოჩნდებით თუ პრორუსებში, დიტო რომ დაგთვლით? - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მაკა ბოჭორიშვილს.
მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას, რუსეთის იმედად ტოვებს, რომლის ერთ-ერთი „ბანდ-დაჯგუფების ლიდერი ერთ დღეს შეიძლება დათვრეს და მოსკოვის ასაღებად წავიდეს?“
მანჯგალაძემ სხდომაზე მყოფ უმრავლესობას კითხვით მიმართა, თუ არა ნატო, უსაფრთხოების სხვა რა გარანტიები აქვს საქართველოს.
„ისევ აგრძელებთ ამ დამაზიანებელ რიტორიკას, გაჯიუტებული ხართ ამ სიბრიყვეში თითქოს ოპოზიციის ბრალია დღესაც ქვეყანას რომ არ აქვს კანდიდატის სტატუსი. კიდევ ერთხელ ჩამოგითვლით, რა თქვა ევროკომისარმა. საარჩევნო რეფორმა - და გითხრათ კომისარმა, რომ ნაცვლად იმ ცვლილებისა, რომელიც ახლა გაქვთ შემოტანილი და რომელიც ერთპარტიულად ითვალისწინებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევას, გითხრეს, რომ ეს შეთანხმება შესასრულებელია 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად. ასევე, გითხრათ, რომ აუცილებელია არა ფასადური ცვლილება, არამედ რეალური სასამართლო რეფორმა და ვენეციის კომისიის შეფასებებზე მიგითითათ. ასევე, ანტიკორუფციულ სააგენტოსთან დაკავშირებით, როდესაც ცხადად იყო რეკომენდაციაში ჩაწერილი, რომ შექმენით დამოუკიდებელი უწყება საგამოძიებო ფუნქციითო, თქვენ შექმენით უწყება ღარიბაშვილზე დაქვემდებარებული, საგამოძიებო ფუნქციის გარეშე. რაში არ დაგიდექით გვერდში? რაში არ მიგითითეთ, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება? როგორ აგრძელებთ ამ პროპაგანდას? საფრთხეები თურმე მომდინარეობს დასავლეთიდან, კელი დეგნანი და ამერიკა არ აკმაყოფილებთ, „კოკა-კოლას“ ამხელენ, „მაკდონალდსი“ ყოფილა პრობლემა, „ჰოლივუდი“ ყოფილა ამ ქვეყნის პრობლემა. ამ პროპაგანდაში ხართ. ნატო-ში თუ არ იქნება ეს ქვეყანა, უსაფრთხოების გარანტია რა არის? რუსეთი, ქვეყანა, რომელშიც შეიძლება შეიარაღებული ბანდფორმირების ბანდიტი დათვრეს ან გაბრაზდეს და მოსკოვის ასაღებად წავიდეს, ასეთი ქვეყნის პირისპირ ტოვებთ საქართველოს, ეს არის თურმე თქვენი ეროვნული პოზიცია!“- განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არც ერთი რეფორმის რეალურად გასატარებლად მზად არ არის.
„რაში გჭირდებათ ოპოზიციის მხარდაჭერა? მზად ხართ საარჩევნო რეფორმისთვის? რა თქმა უნდა, არა! იმიტომ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თუ არ წარმოადგინა ცესკოს წევრები და თავმჯდომარე, ისე თურმე ნდობა არ ექნება ამ პროცესს, სასამართლო რეფორმაზე, თუ მურუსიძე არ იქნება თურმე, ქვეყანა ვერ განვითარდება, სამართლის ბურჯი ყოფილა მურუსიძე და ის დაჯგუფება, კლანი სასამართლოში, ამას ვერ ერევით. ანტიკორუფციულ სააგენტოში თუ ღარიბაშვილმა არ დანიშნა თურმე ხელმძღვანელი, ისე ქვეყანა ვერ იმუშავებს. ამაში დაგეხმაროთ? რაში გჭირდებათ დახმარება?“- განაცხადა მანჯგალაძემ.