მიუხედავად იმისა, რომ [კელი დეგნანმა] არაერთი დაუმსახურებელი საყვედური და შეურაცხყოფა მიიღო, ვფიქრობ, მშვენივრად ხვდება, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობა მისი მადლიერია - დარწმუნებული ვარ, მუდამ ჩვენი ქვეყნის და არა რომელიმე პარტიის მტკიცე, ერთგულ, უკომპრომისო მეგობრად დარჩება, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთვის, რომელიც ამდენი გამოწვევის წინაშე დგას, დიდი გამართლებაა, როდესაც სხვა სახელმწიფოებს ღირსეული ადამიანები წარმოადგენენ.
„საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ყოველთვის ის იყო, რომ მთავრები, მეფეები ზოგჯერ ვერ არჩევდნენ მტერს და მოყვარეს. ისე მომხდარა, რომ საზოგადოებასაც გასჭირვებია ზოგჯერ მტრისა და მოყვრის დადგენა შესაბამისი ყველა მძიმე შედეგით ქვეყნისთვის, სხვადასხვა დროს. ზოგჯერ არის, რომ ენდობი, მოკავშირე გგონია, მაგრამ გიმუხთლებს, გიღალატებს, იქნებ სწორედ ამასთან იყო საქმე მაშინ, როდესაც ერეკლე აკეთებდა არჩევანს. მიმაჩნია, რომ შეიძლება წარმოვადგენთ ჩვენს პოლიტიკურ ინტერესს, ჯგუფს, მაგრამ ყველა პოლიტიკური პარტიის ინტერესი განულებულია, თუ ის ვერ ემსახურება მთავარს - საქართველოს საუკეთესო ინტერესებს. მგონია, რომ ამ გადასახედით უნდა განვსაჯოთ, სად ვართ დღეს, საით მივდივართ. ასევე, მგონია, რომ არასდროს ისე არ გამართლებია საქართველოს, როგორც გაუმართლა 21-ე საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც ნამდვილი, გულწრფელი, გულანთებული პარტნიორები და მეგობრები გამოუჩნდა - ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, სხვა ქვეყნები, რომლებიც დღეს ერთიან, დიდ, დასავლურ ევროატლანტიკურ სივრცეს ქმნიან. რამდენად დიდი გამართლებაა, რა ბედნიერებაა, როდესაც ასეთ ინსტიტუციებს, სახელმწიფოებს, შენს ქვეყანაში, რომელიც ამდენი გამოწვევის წინაშე დგას, ამდენი არჩევანი აქვს გასაკეთებელი, ღირსეული ადამიანები წარმოადგენენ. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ადამიანს, რომელმაც საქართველოსთვის ყველაფერი გააკეთა, ყველაფერი საუკეთესო. მართალია, ის მიემგზავრება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ როგორც მისი არაერთი წინამორბედი და სხვა ქვეყნის წარმომადგენელი კოლეგა, მუდამ ჩვენი ქვეყნის და არა რომელიმე პარტიის მტკიცე, ერთგულ, უკომპრომისო მეგობრად დარჩება. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი დაუმსახურებელი საყვედური და შეურაცხყოფა მიიღო, ვფიქრობ, თავად მშვენივრად ხვდება, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობა მისი მადლიერია. მადლიერია სწორედ იმიტომ, რომ ის დარჩა მისი ქვეყნის მტკიცე პოზიციის ერთგული, რომ მხარი დაეჭირა საქართველოში დემოკრატიული პროცესისთვის და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის, მიუხედავად იმისა, სხვადასხვა დროს რა შიდაპოლიტიკური ვითარება იყო. მიხვდებით ალბათ, რომ ვსაუბრობ არაჩვეულებრივ ქალბატონზე, ელჩ კელი დეგნანზე, რომელსაც, ვფიქრობ, ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის. დარწმუნებული ვარ, ის დარჩება საქართველოს მეგობრად და ეს არაჩვეულებრივი ტრადიცია - საქართველოსადმი შეერთებული შტატების მეგობრობისა, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკური ამინდია ჩვენთან, რა თქმა უნდა, გაგრძელდება“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.