თქვენ, ბატონო პაპუაშვილო, ბატონი კალაძე, როდესაც აცხადებთ, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ გაიზიარებს ევროკავშირის პოლიტიკას სანქციების თაობაზე - ამით, დიახ, თქვენ უწყობთ საბოტაჟს ამ ქვეყნის მომავალს, - ასე მიმართა "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს.
მისი თქმით, ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების შეფასებაზე ზეგავლენას ის გადაწყვეტილებები ახდენს, რომელსაც მმართველი უმრავლესობა იღებს.
„პირველ რიგში მინდა მივესალმო პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებებს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მცდელობას, რომ მიუხედავად მმართველი გუნდის მიერ მიმდინარე საბოტაჟის პროცესისა, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. მივესალმები ნიკა გვარამიას შეწყალებას და მივესალმები იმას, რომ მან გადაწყვიტა ვეტო დაადოს კანონპროექტს, რომელიც პირდაპირ არის საბოტაჟი ევროკავშირის მოთხოვნის. ახლა თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ვინ აგრძელებს ქვეყნისთვის ევროპული მომავლის საბოტაჟს - მე ვურჩევ, რომ წაიკითხოს ის ინფორმაციას, რომელიც გავრცელდა ევროკავშირის შუალედურ შეფასებაში. შეფასებაში, რომელიც არის ძალიან მძიმე, რადგან 1 წლის თავზე შესრულებულია მხოლოდ 3 მოთხოვნა და ტყუილი, რომელიც ვრცელდება მმართველი გუნდის მხრიდან, რომ თითქოს ოპოზიციის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ევროკავშირის შეფასებისთვის, გამჟღავნდა, რომ ეს არის ტყუილი, როდესაც მაგალითად ევროკავშირმა ჩათვალა შესრულებულად სახალხო დამცველის დანიშვნა, როდესაც იცით, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი არ წარიმართა ისე, როგორც ჩვენი აზრით, ევროკავშირს ჰქონდა მოთხოვნა. ასე რომ, ერთადერთი რაც ზეგავლენას ახდენს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების შეფასებაზე - არის გადაწყვეტილებები, რომელსაც იღებს მმართველი უმრავლესობა ამ დარბაზში. უმრავლესობა, რომელიც ფარად ეფარება მურუსიძის სასამართლოს, უმრავლესობა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ბუტაფორია გაეფორმებინა ანტიკორუფციულ სააგენტოდ, უმრავლესობა, რომელმაც მიიღო სამარცხვინო რუსული კანონი და ერთადერთი რატომაც ჩვენ დღეს კიდევ ვინმე გვესაუბრება კანდიდატის სტატუსზე არის იმ მოქალაქეების დამსახურება, რომლებიც გამოვიდნენ ქუჩაში და საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავალი თქვენგან, მმართველი უმრავლესობისგან დაიცვეს საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, ფიზიკურად.
ვფიქრობ, რომ დრო არის გაჩუმდეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა დღეს საქართველოში ჩამოსულია უპრეცედენტოდ გაერთიანებული დელეგაცია, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის, რადგან თქვენი ხელისუფლება არა მხოლოდ არ ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს, არამედ პირდაპირ საბოტაჟს უწევს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს და ეს შეეხება თქვენს დამოკიდებულებას რუსეთისთვის დაწესებული სანქციების რეჟიმის თაობაზე.
თქვენ ბატონო პაპუაშვილო, ბატონი კალაძე, როდესაც აცხადებთ, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ გაიზიარებს ევროკავშირის პოლიტიკას სანქციების თაობაზე - ამით, დიახ, თქვენ უწყობთ საბოტაჟს ამ ქვეყნის მომავალს. დელეგაცია, რომელიც ჩამოვიდა აპირებს, რომ გესაუბროთ იმაზე თუ რა უნდა გააკეთოს თქვენმა ხელისუფლებამ, რომ შავი ხვრელი არ იყოს ეს ქვეყანა სანქციებისთვის თავის ასარიდებლად და თუ არ აპირებთ მათთან თანამშრომლობას, ვფიქრობ, რომ შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირიდან ნათელს გახდის მათ შეფასებას თქვენი ხელისუფლების თაობაზე.
და ბოლოს, როგორც არ უნდა დასრულებულიყო ის უმძიმესი პროცესები, რომელიც რუსეთში განვითარდა უკანასკნელ დღეებში - რუსეთს წინ ელოდება უმძიმესი ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი. მე მაინტერესებს ეს ხელისუფლება რას აკეთებს დღეს იმისთვის, რომ ამ კრიზისის ფონზე ესაუბროს ოკუპირებულ ტერიტორიებში ჩვენს თანამოქალაქეებს, მათ მომავალზე ევროპულ დემოკრატიულ საქართველოში და მშვიდობიანად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზებზე. მე მგონი, თქვენ მათ არ ესაუბრებით, რადგან არაფერი გაქვთ მათთვის სათქმელი, რადგან თქვენ რეალურად ვისაც გულშემატკივრობთ ამ ომში - ეს არის პუტინის რეჟიმი“, - განაცხადა სამადაშვილმა.