ეს ზიზღის 5 წუთი, რომელიც მოუწყვეთ უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს, გასაგებია, ანუ დეპოლარიზაციის წინააღმდეგი ხართ, მივხვდი! - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ანა წითლიძეს.
პაპუაშვილის შეფასებით ანა წითლიძემ დაადასტურა, რომ შეწყალებასა და დეპოლარიზაციას ერთმანეთთან კავშირი არ აქვს.
„მგონი, თქვენი სრული გამოსვლა, 5 წუთი უნდა გავუგზავნოთ ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომლებიც გვპირდებოდნენ, რომ დეპოლარიზაცია მოხდებოდა შეწყალებით და აი, თქვენ როგორ კარგად დაადასტურეთ, რომ საერთოდ არანაირი კავშირი შეწყალებას და დეპოლარიზაციას არ აქვს. ეს ზიზღის 5 წუთი, რომელიც მოუწყვეთ უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს, გასაგებია, ანუ დეპოლარიზაციის წინააღმდეგი ხართ, მივხვდი!“ - მიმართა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ანა წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძესა და დეპუტატ ბექა ოდიშარიას შემდეგი სიტყვით მიმართა - „ბოდიში ბიჭებო, რატომ პრორუსი, რატომ პრო? რუსები ხართ მთელი თქვენი საქმიანობითა და შეგნებით. როდესაც აკეთებთ რუსულ საქმეს, უნდა იცოდეთ, რომ პასუხისმგებლობა ამაზე აუცილებლად დაგეკისრებათ“.