„ქართული ოცნების“ უმრავლესობით საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომლის საფუძველზეც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი იცვლება, პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნები, თანდართულ კანონპროექტთან ერთად, პარლამენტშია.
ის განსახილველად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.
პრეზიდენტის შეფასებით, პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, პრეზიდენტის როლი იზღუდება და მიღებული კანონპროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია წინა წლებში მიღწეულ პროგრესთან მიმართებით.
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს კანონმდებლობის შემდეგი ვერსიით მიღებას სთავაზობს:
- ერთის მხრივ, ცესკოს თავმჯდომარისა და შვიდი წევრის არჩევის მიზნით საკონკურსო კომისიის შექმნისა და კანდიდატთა შერჩევა/წარდგენის პროცედურა პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში დარჩება, როგორც ამას კანონის ჯერ კიდევ მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს. მეორეს მხრივ, მათ ასარჩევად 2/3-იანი უმრავლესობა, პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით შემცირდება. პრეზიდენტის პროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატი სამი მეხუთედის უმრავლესობის ხმებს ვერ მიიღებს, 6-თვის ვადით იქნება არჩეული, როგორც ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს.
„მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ზეპარტიული თანამდებობის პირია, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე, მოცემულ ვითარებაში, მმართველი გუნდის წევრი და პარლამენტის უმრავლესობით არჩეული, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესში პრეზიდენტის როლის არსებითად შემცირება გაუმართლებლად უნდა იქნას მიჩნეული. შესაბამისად, მიზანშეწონილია ამ ნაწილში კანონის მოქმედი რედაქციის შენარჩუნება.
მნიშვნელოვანია, რომ ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცედურაში კონსენსუსის საჭიროება შენარჩუნდეს, რათა მათი არჩევა არ მოხდეს ერთპარტიულად - მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ და საფრთხე არ შეექმნას დამოუკიდებელი, უპარტიო ინსტიტუტის არსებობას.
მნიშვნელოვანია, რომ კონკურსი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევად გამოცხადდეს და საკონკურსო კომისია შეიქმნას პრეზიდენტის მიერ და შერჩეული კანდიდატები პარლამენტს წარედგინოს პრეზიდენტის მიერ, როგორც ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს“, - აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებში.
პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა და ვეტო დაადო, ცესკოს თავმჯდომარესა და შვიდ წევრს პარლამენტი პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით 5-წლის ვადით აირჩევს. კონკურსიც პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით უნდა გამოცხადდეს. საკონკურსო კომისიაში პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელი იქნება.
„ქართული ოცნების“ უმრავლესობა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს არ იზიარებს და ვეტოს დაძლევისთვის ემზადება.
რაც შეეხება ვეტოს დაძლევის საკითხს, პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებული კანონი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთი მოსმენით მიიღება. პირველ რიგში კენჭი სწორედ პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონს ეყრება. თუ პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს არ მიიღებს, კენჭი კანონის პირვანდელ რედაქციას ეყრება.
კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.