„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუ დასავლელი პარტნიორები გადაწყვეტენ, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს 12 პუნქტის შესრულებით გამოწვეული არ იქნება, რადგან „ქართულ ოცნებას“ ფუნდამენტური ცვლილებებისკენ ნაბიჯი არ გადაუდგამს.
როგორც ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ აღნიშნა, დასავლელ პარტნიორებს საქართველოს მარტო დატოვება არ სურთ, მაგრამ თუ ისინი ქვეყანას კანდიდატის სტატუსს მისცემენ, ეს კონკრეტული პირობების გარეშე არ იქნება.
„მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქვეყანას ასეთი საშინელი ხელისუფლება ჰყავს, 12 პუნქტის შესრულების გარდა, პოლიტიკური ვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც დაისვა კითხვა, თუ რა არის შესრულებული 12 პუნქტიდან და რა არა, ნახეთ, რომ რაღაცები შესრულდა, რიგ საკითხებზე პროგრესია. ჩემი აზრით, პრეზიდენტის წყალობით, პრესის თავისუფლების შეუსრულებელი პუნქტი ნაწილობრივად შესრულებულში გადავა. „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ყველაფერს ასრულებს, მაგრამ ჩვენ და უცხოელი პარტნიორებიც, ვხედავთ, რომ ეს ასე არ არის. თუ გადაწყდება და ქვეყანა სტატუსს მიიღებს, ამას ისევ კონკრეტული დათმობების ხარჯზე მოხდება. მართლმსაჯულების პუნქტი შესრულებულად ვერაფრით ჩაითვლება იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებას" ფუნდამენტური ცვლილებებისკენ ნაბიჯი არ გადაუდგამს.
მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს საქართველოს მარტო დატოვება არ უნდათ, მაგრამ თუ ისინი სტატუსს მოგვცემენ, ეს კონკრეტული პირობების გარეშე არ იქნება.
„ქართული ოცნება“ ამას ოპოზიციის მარცხად ვერ გაყიდის, მეტად საკუთარ დამსახურებაზე ისაუბრებს. აქ მე ხიფათს ვერ ვხედავ, რადგან საქართველოს მოსახლეობა ხედავს, ვინ რას ამბობს, რას აკეთებს და საით დგამს ნაბიჯებს. ჩვენ მომავალი არჩევნებისთვის საერთაშორისო დამკვირვებლების სერიოზული მისია გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება კანდიდატის სტატუსი, რათა ხალხის მოლოდინი გამართლდეს და რუსეთმა ვერ გაბედოს საკუთარი პროპაგანდის გაღრმავება“, - აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.
გარდა ამისა, მან 2024 წლის არჩევნებსა და მის შესაძლო განვითარებაზეც ისაუბრა.
როგორც ხათუნა სამნიძემ განაცხადა, კანდიდატის სტატუსის მიღება იმისთვისაა მნიშვნელოვანი, რომ მოსახლეობა 2024 წელს არჩევნებზე მივიდეს და გადაწყვეტილებას ენდოს.
მისივე თქმით, პატარა ოპოზიციური პარტიები არჩევნებზე 5%-იან ზღვარს ვერ გადალახავენ და თუ ბარიერი 2%-მდე არ დაიწევს, გარკვეული ოპოზიციური პარტიები გაერთიანებაზე იფიქრებენ.
„კანდიდატის სტატუსი ხალხს სჭირდება იმისთვისაც, რომ 2024 წელს არჩევნებზე მოვიდეს და გადაწყვეტილებას ენდოს. რა თქმა უნდა, არჩევნებთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი პრობლემა არ არის, ეს მრავალწახნაგოვანი საკითხია. დღეს ოპოზიცია ფრაგმენტული და დაქსაქსულია. ჩვენ უფრო ნაკლები გვაერთიანებს, ვიდრე გვაშორებს. ზოგჯერ ერთმანეთთან დაპირისპირებულებიც ვართ, მაგრამ არჩევნების წინა პერიოდში ოპოზიცია უფრო კონსტრუქციული ხდება. პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადავლახავთ და ძალადობაა ის, რომ ბარიერ 2%-მდე არ წევენ. თუ ბარიერი არ შეიცვლება, ოპოზიციური პარტიები, რა თქმა უნდა, გაერთიანებაზე ვიფიქრებთ, თუმცა ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ამომრჩეველს მოეწონოს და ისინი არ დავკარგოთ“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.