თავდასხმები ორგანიზებულია ხელისუფლების მიერ - რუსული ინტერესია სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩაგვითრიონ, „ქართული ოცნება" რუსეთს წარმოადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც ტელეკომპანია „ფორმულას" ერთ- ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე და „ნაციონალური მოძრაობის“ სამეურნეო სამსახურის თანამშრომელ დავით ოსიყმიშვილზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.
მანჯგალაძის თქმით, ძალადობას ძალადობით არ უნდა უპასუხონ.
„თავდასხმები ორგანიზებულია ხელისუფლების მიერ. ხელისუფლება, რომელიც გრძნობს სისუსტეს და არის ავტოკრატიაში, გადადის განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დასჯაზე, ფიქრის, ემოციის კონტროლს იწყებს და ფეისბუქზე გამოთქმული მოსაზრებების გამო აჯარიმებენ ადამიანებს. აგრესიას აგრესიით არ უნდა ვუპასუხოთ, ეს არის სწორედ რუსული ინტერესი, რომ სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩაგვითრიონ. სამოქალაქო დაპირისპირება არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება რუსეთს. ამ შემთხვევაში რუსეთს წარმოადგენს „ქართული ოცნება". რუსული ქმედებაა, როცა ქვეყანაში აჩაღებ სამოქალაქო დაპირისპირებას, რომ თბილი სკამი შეინარჩუნო. ამას უნდა ჰქონდეს პროტესტი, რეაქცია, მაგრამ ჩვენ ძალადობას ძალადობით ვერ ვუპასუხებთ”, - განაცხადა მანჯგალაძემ.