ფაქტია, რომ „რუსული ოცნება“ არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ წინ წაიწიოს ევროინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ერთადერთი, რაც შეიძლება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მიზეზი გახდეს, არის ქართველი ხალხის ურყევი ნება.
"ბრიუსელმა ახლა უკვე ოფიციალურად, ზეპირი ანგარიშის სახით განაცხადა, რომ 12-დან არც ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია არ სრულდება, მათ შორის, დეოლიგარქიზაციაზე, სასამართლო რეფორმაზე, დეპოლარიზაციაზე, მედიის თავისუფლებაზე და ერთადერთი მიზეზი, რაც შეიძლება გახდეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების, მიუხედავად დღევანდელი ხელისუფლების მცდელობისა, რომ არ მივიღოთ სტატუსი, არის ქართველი ხალხის ურყევი ნება, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ასევე, მნიშვნელოვანი დადებითი იმპულსი შეიტანა ჩვენს ევროინტეგრაციის პროცესში პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ, რომ შეეწყალებინა ნიკა გვარამია", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ის ასევე, გამოეხმაურა სანქციების ჯგუფის ვიზიტს საქართველოში და აღნიშნა, რომ პარტნიორები დიდი ხანია საუბრობენ, რომ საქართველოს ტერიტორიების გამოყენება შესაძლებელია სანქციებისთვის თავის არიდების მიზნით.
"ფაქტია, რომ დასავლელი პარტნიორები დიდი ხანია ხმამაღლა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიების გამოყენება შესაძლებელია სანქციების თავის არიდების მიზნით, მათ შორის, რუსეთის საბაჟო სამსახურის უფროსი ღიად საუბრობს იმაზე, რომ ლარსის გამშვები პუნქტის გამოყენება სწორედ ამ მიზნით ხდება", - აღნიშნა ბოკუჩავამ.