ირაკლი კობახიძე - არასამთავრობოების შეფასებები ლუსტრაციაა იმისა, რომ ისინი კოლექტიური სერგო ორჯონიკიძეები არიან - მათ იმედი აქვთ, რომ სტატუსი არ მოგვენიჭება, კიდევ ერთხელ ავლენ სცენაზე და ისევ მოითხოვენ მთავრობის გადადგომას

მათი შეფასებები სრული ლუსტრაციაა იმისა, რომ ისინი კოლექტიური სერგო ორჯონიკიძეები არიან, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასების დოკუმენტს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიდის საქართველო ევროკომისიის 12 პირობის შესრულებისკენ.

როგორც კობახიძე განმარტავს, NGO-ის ერთადერთი მიზანია, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ მოხდეს, რათა ეს მთავრობის გადაყენების მოთხოვნისთვის გამოიყენონ.

„ეს არის სერგო ორჯონიკიძის მიდგომა, ისინი „სოროსის“ ფონდში შეიკრიბნენ, კოლექტიური სერგო ორჯონიკიძეები, კოლექტიური ვანო ჩხიკვაძეები - ეს NGO-ები, რომელთა თვითმიზანია, საქართველომ კანდიდატის სტატუსი რამენაირად არ მიიღოს. ამ კონკრეტულ NGO-ებს, ბუნებრივია, ყველა NGO-ზე არაა საუბარი, ყველაზე მდიდარ NGO-ზეა საუბარი, აქვთ ერთადერთი მიზანი, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ არ მოხდეს და შემდეგ ეს კიდევ ერთხელ გამოიყენონ იმისათვის, რომ სცენაზე ავიდნენ და მოითხოვონ მთავრობის გადადგომა, რაც შარშან, ივნისში გააკეთეს. რა მოხდა, ყველას გახსოვთ. საქართველოს კანდიდატის სტატუსი უსამართლოდ არ მიენიჭა, ზუსტად, ეს NGO-ები ავიდნენ სცენაზე და მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ. აქაც იმავეს იმედი აქვთ, რომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭება, ეს NGO-ები კიდევ ერთხელ უნდა ავიდნენ სცენაზე და კიდევ ერთხელ უნდა მოითხოვონ თავისივე მეგობარ პოლიტიკოსებთან ერთად მთავრობის გადადგომა. ჩვენ იმედი გვაქვს, დეკემბერში, კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება. რაც შეეხება მათ შეფასებებს, ეს არის სრული ლუსტრაცია იმისა, რომ ისინი კოლექტიური სერგო ორჯონიკიძეები არიან“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, თუ როგორია, კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით მოლოდინი, კობახიძე ასე პასუხობს:

„ვითარება ასეთია, ნებისმიერი ერთი ქვეყნის პოზიციას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, ან დადებითი, ან უარყოფითი კუთხით. იქიდან გამომდინარე, რომ ევროპულ საბჭოში გადაწყვეტილებები სრული კონსენსუსით მიიღება, 27-ვე ქვეყნის მხარდაჭერაა საჭირო, ნებისმიერი ერთი ქვეყნის პოზიციამ შეიძლება განაპირობოს ამ გადაწყვეტილების ერთი, ან მეორე ფორმით მიღება. თუ გლობალური ომის პარტია გადაწყვეტს, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, მას შეუძლია გამოწიოს ნებისმიერი ერთი ქვეყანა და ამ შემთხვევაში, ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭება. ასეთ პირობებში, ჩვენთვის, ნებისმიერი ქვეყნის ძლიერი მხარდაჭერა განსაკუთრებით ღირებულია (თუ ეს არის უნგრეთის პოზიცია, ჩვენ ეს არ ვიცით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუკი ასეთი ძლიერი მხარდაჭერა გვაქვს ამ კონკრეტული ქვეყნის მხრიდან).

რისკები გვაქვს, მათემატიკურად რომ გავყვეთ, 27 ქვეყნიდან ერთი ქვეყანაც შეიძლება გამოწიოს "გლობალურმა ომის პარტიამ" და კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭება. ასეთ პირობებში, ჩვენი შანსები 1/27-ია, წარმოიდგინეთ, რამხელა რისკებზეა საუბარი, ასეთ პირობებში თუ არ გვექნება კონკრეტული ქვეყნებიდან ძალიან ძლიერი მხარდაჭერა, შეიძლება "გლობალურმა ომის პარტიამ" გადასძლიოს. ამ ეტაპზე, "გლობალურ ომის პარტიას" უპირატესობა აქვს, რადგან მას შეუძლია ნებისმიერი ერთი ქვეყანა გარეთ გამოწიოს და ჩვენ კანდიდატის სტატუსი აღარ მოგვენიჭება, თუ იქნება ამის ინტერესი. ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ არ გაიმარჯვოს "გლობალურმა ომის პარტიამ". შარშან, ივნისში გაიმარჯვა "გლობალურმა ომის პარტიამ". იმედია, დეკემბერში, ასე არ მოხდება“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო