პირველ რიგში, ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი. რაც შეეხება ძალადობის წახალისებას, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თვეების და წლების განმავლობაში ვისმენდით ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს, გამოსვლებს, სიუჟეტებს და ა.შ. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე განხორციელებული ძალადობის შესახებ.
ამასთან, ძალადობაზე საუბრის კონტექსტში კობახიძემ რამდენიმე შემთხვევა მაგალითად მოიყვანა.
„შეგახსენებთ, მაგალითად, ასეთი შემთხვევა იყო, როდესაც აჭარის უმაღლეს საბჭოში ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა, როდესაც თავზე დაამხეს ნაგვის ურნა და ამის წამახალისებელი სიუჟეტები კეთდებოდა თქვენ ტელევიზიებში, ამის წამახალისებელ განცხადებებს პოლიტიკოსები აკეთებდნენ, ელჩების დუმილიც, რა თქმა უნდა, ამ ძალადობის წახალისებაა. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ადამიანი, რომელიც პოლიციელებს ცეცხლს უკიდებდა, ლამის გმირად გამოაცხადეს იგივე ადამიანებმა. კონკრეტული ელჩების მხრიდან აქაც იყო დუმილი და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ძალადობის წახალისება. როდესაც ადამიანები პირდაპირ რუსთაველზე გამოდიოდნენ და დედას იგინებოდნენ, უწმაწური სიტყვებით შეურაცხყოფას აყენებდნენ ადამიანებს, კონკრეტული ელჩის მხრიდან ეს შეფასდა მაგალითად, როგორც გამოხატვის თავისუფლება. არ შეიძლება დედის გინება და უწმაწურობა შეაფასო, როგორც გამოხატვის თავისუფლება“, - განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა აზრის არის „ქართული ოცნების“დეპუტატის, ნინო წილოსანის განცხადებაზე, რომ „წითელი ხაზების“ გადაკვეთა არავის გამოუვა და „ქართულ ოცნებას“ ვინც "რუსს" დაუძახებს, პასუხს მიიღებს, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რა თქმა უნდა, არაძალადობრივ პასუხს მიიღებს ყველა, ვინც ცდილობს, რომ საქართველოში დათესოს აგრესია, რადიკალიზმი და ა.შ.
მან ასევე აღნიშნა, რომ კონკრეტულმა ელჩმა ძალადობა წაახალისა.
„მიშა მშვილდაძე თვითონ მსხვერპლია, რადგან მას შთააგონეს, რომ დედის გინება სამოქალაქო აქტივიზმია და დედას იგინებოდა, სადაც ჰქონდა ამის საშუალება. მერე გამოვიდა ვიღაც სხვა, რომელმაც ასევე, ასე წარმოიდგინა ეს ყველაფერი. მაგალითად, ერთ-ერთი ელჩის ბოლოდროინდელი მოწოდება გინებასთან, ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით, აღიქვა ასე, თუ იძალადებდა მიშა მშვილდაძეზე, იქნებოდა სამოქალაქო აქტივიზმი, თუ შეაგინებს ვიღაც მიშა მშვილდაძეს, ადამიანმა წარმოიდგინა, რომ ეს სამოქალაქო აქტივიზმია. და ეს ვინ დანერგა? კონკრეტული ელჩი იყო, ვინც ამაზე საუბრობდა, რაც სირცხვილია. ელჩის განცხადებას ძალიან დიდი გავლენა აქვს. როცა გამოდის გავლენიანი ელჩი და ამბობს, დედის გინება, ბილწსიტყვაობა სამოქალაქო აქტივიზმია, გამოხატვის თავისუფლებაა, ეს რა თქმა უნდა, ძალადობის წახალისებაა. ძალიან ცუდია, ჟურნალისტი რომ ხარ და ეს არ გახსოვს, მე მახსოვს, კონკრეტული ფაქტი იყო, როცა კონკრეტულმა, გავლენიანმა ელჩმა წაახალისა ძალადობა“-განაცხადა კობახიძემ.