ოპოზიცია ცდილობს სკანდალი შექმნას - სინამდვილეში ეს არის საქმიანი ვიზიტი და შეხვედრა ხელისუფლებასთან იმის გამო, რომ ევროკავშირმა შეიმუშავა სანქციების ახალი პაკეტი რუსეთთან მიმართებით და მას პარტნიორებთან განიხილავს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სანქციების საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენლის, დევიდ ო სალივანის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის ჯიმ ო’ბრაიენის და ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორის კუმარ აიერის ვიზიტს საქართველოში.
თალაკვაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას დისკომფორტს არ უქმნის ისეთ საკითხებზე სკანდალების შექმნა, რაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.
"ოპოზიცია ცდილობს და ცდილობდა აქედან შეექმნა სკანდალი. ეს არის ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ეჭვებით და სკანდალებით მოქმედებს, ზედაპირული წარმოდგენა აქვთ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, არავითარ დისკომფორტს არ უქმნით ისეთი საკითხების დაბრალება, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს. ეს გამოჩნდა წინა დღეებშიც და ეს გამოჩნდა ახლაც. ჯერ შეხვედრები არ იყო ჩატარებული და წინასწარ გააკეთეს დასკვნები, თუ რა იქნებოდა ნათქვამი ამ შეხვედრებზე, ეს არის დიდი უპასუხისმგებლობა და საზოგადოების მოტყუება, რომელმაც დაინახა, რომ სინამდვილეში ეს არის საქმიანი ვიზიტი და შეხვედრა ხელისუფლებასთან იმის გამო, რომ ევროკავშირმა შეიმუშავა ახალი პაკეტი სანქციების რუსეთთან მიმართებით და ამ პაკეტს განიხილავს პარტნიორებთან ევროკავშირი, ინფორმაციის გაცვლა ჩვენს პარტნიორებთან მუდმივი სამუშაო პროცესია და ოპოზიციის მცდელობა თითოეულ ვიზიტს სკანდალური ელფერი შესძინოს, არის ღიმილისმომგვრელი,"- განაცხადა თალაკვაძემ.