ვფიქრობთ, საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს ესმით, რომ ჩვენ უნდა შევაჩეროთ რუსი სამხედროები, არ მოახდინონ მათი ერთ-ერთი მეზობლის ტერიტორიის ოკუპაცია. საქართველოს ყველა ქვეყანაზე უკეთ ესმის ჩვენი ეს თხოვნა, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯეიმს ო'ბრაიენმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„არ მსურს შესაძლო სანქციების ან კონკრეტული შემთხვევების განხილვა. ჩვენ ვხედავთ აქ ძალიან დიდ სამუშაოს და ყოვლისმომცველ სისტემას საქართველოს სამთავრობო უწყებების მხრიდან. თუკი ეს სისტემა განაგრძობს მუშაობას, საშუალებას მოგვცემს გამოვავლინოთ ყველა იმ საქონლით ვაჭრობა, რომელიც ყველაზე უფრო პრობლემატურია და რუსეთის ძალისხმევას უწყობს ხელს. ეს ყველაფერი ახალია და ჩვენ ვაუმჯობესებთ სისტემას როგორც ჩვენს ქვეყნებში, ასევე აქ ყოველდღიურად. ელექტრონული საქონლით ვაჭრობის დიდი ნაწილი ლეგალური იყო ამ წლის დასაწყისამდე და თებერვლის ბოლოსთვის ჩვენმა ქვეყნებმა და ევროკავშირმა უკანონოდ ცნეს ამ საქონლის რუსეთის სასარგებლოდ გაგზავნა, სადაც არ უნდა ყოფილიყო მისი დანიშნულების ადგილი. ამის შემდეგ ჩვენი ქვეყნებიდან რუსეთის მეზობელ ქვეყნებში ექსპორტის კონტროლი დაიწყო, მაგრამ ეს ხდება ეტაპობრივად. ვხედავთ, რომ საქართველოში ეს სისტემა მოქმედებს. ვმუშაობთ იმისთვის, რომ სრულად ეფექტური იყოს. ვიცით, რომ ვაჭრობის ხასიათი იცვლება. რუსული ექსპორტი საქართველოში განახლდა, მას შემდეგ, რაც ემბარგო დასრულდა. ზოგიერთი გლობალური კომპანია საქართველოში საქონელს აგზავნის, ან რუსეთის სხვა მეზობელ ქვეყანაში“, - აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა.
მისი თქმით, საქართველოში გამართული შეხვედრები ფოკუსირებული იყო იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობით უზრუნველყონ, აღნიშნული საქონელი რუსეთში არ წავიდეს.