ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ორმხრივი დღის წესრიგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის და ვიმედოვნებთ, რომ ოდესმე მივესალმებით, როგორც ევროკავშირის წევრს და არ უნდა დავუშვათ, რომ სანქციების საკითხი გახდეს ჩვენი მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის გამაღიზიანებელი ან დაბრკოლება. სიამოვნებით ვიტყვი იმას, რასაც ბოლო ორი დღე ვხედავთ ადასტურებს, რომ ეს აბსოლუტურად ასე არ არის , - ამის შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„როგორც იცით, თბილისში ბრიტანელ და ამერიკელ კოლეგებთან ერთად ვიმყოფები. რაც შეეხება ზოგად კონტექსტს, უკრაინაში რუსეთის უკანონო, სრულმასშტაბიანი და არაპროვოცირებული შეჭრის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოება აწესებს სანქციებს, ამ სანქციების მიზანია, ძირი გამოუთხაროს რუსეთის უნარს აწარმოოს ეს ომი, რუსეთის მთავრობას ჩამოერთვას შემოსავალი ამ ომის საწარმოებლად, იმისთვის, რომ რუსეთს დააწესოს მძიმე ეკონომიკური საფასური ამ სასტიკი და არაპროვოცირებული ომისთვის. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სანქციების შესაძლო გვერდის ავლის საკითხს და განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ იმ 38 პროდუქტზე, რომელიც ბრძოლისველზე გამოიყენება და რომელიც უკრაინელებმა ბრძოლის ველზე დააფიქსირეს. ეს პროდუქტები რუსეთის იარაღს უფრო ლეტალურს, ჭკვიანს და სასიკვდილოს ხდის. ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს ამ პროდუქტებზე დაწესებული სანქციების ნებისმიერი გვერდის ავლა“, - აღნიშნა დევიდ ო’სალივანმა.
მისი თქმით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება, თუმცა ესმით ის სპეციფიკური ვითარება, რომელშიც საქართველო იმყოფება ეკონომიკურად, გეოგრაფიული თვალსაზრისით.
„საქართველო, რა თქმა უნდა, არ ახორციელებს სანქციებს, ჩვენ, შესაძლოა იმედგაცრუებული ვართ, რომ ასე არ იქცევა ქვეყანა, რომელსაც აქვს მისწრაფება იყოს ევროკავშირის წევრი. ვისურვებდით მაღალი ხარისხის შესაბამისობას საგარეო პოლიტიკაშიც. მაგრამ ჩვენ ასევე გვესმის სპეციფიკური ვითარება, რომელშიც საქართველო იმყოფება ეკონომიკურად, გეოგრაფიული თვალსაზრისით და რუსეთთან მჭიდრო კონტაქტების თვალსაზრისით. ასე რომ, ჩვენ გვესმის, რომ ისინი არ აპირებენ ჩვენი სანქციების განხორციელებას, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ იმან, რაც ვნახეთ ბოლო ორი დღის განმავლობაში, დაგვაჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან სერიოზულად ეკიდება საკითხს, რომ მისი ქვეყანა სანქციების გვერდის ასავლელ პლატფორმად არ გამოიყენონ. მათ განახორციელეს მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომლის საშუალებითაც კონტროლდება ექსპორტი, ყველაზე სენსიტიური 38 პროდუქტის შესაძლო ექსპორტი საქართველოდან. იგივე ეხება ფინანსურ სანქციებს, სადაც სიფხიზლეს იჩენენ და ჩვენ გულწრფელად აღფრთოვანებული ვართ მათ მიერ მიღებული ზომებით.
მინდა ნათლად განვაცხადო, რომ ჩვენ აქ ვართ პარტნიორობისა და თანამშრომლობის პერიოდში, განსაკუთრებით ევროკავშირის მხრიდან. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ორმხრივი დღის წესრიგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის და ვიმედოვნებთ, რომ ოდესმე მივესალმებით, როგორც ევროკავშირის წევრს და არ უნდა დავუშვათ, რომ სანქციების საკითხი გახდეს ჩვენი მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის გამაღიზიანებელი ან დაბრკოლება. სიამოვნებით ვიტყვი იმას, რასაც ბოლო ორი დღე ვხედავთ ადასტურებს, რომ ეს აბსოლუტურად ასე არ არის”, - განაცხადა დევიდ ო’სალივანმა.
მისი თქმით, თბილისში ვიზიტი ნაყოფიერი იყო და ქვეყნიდან პოზიტიური შთაბეჭდილებებით მიდიან.