შალვა პაპუაშვილი - ზოგიერთ უცხოელ პოლიტიკოსს ბოდიში აქვს მოსახდელი, რადგან ქვეყანას აბრალებდნენ, თითქოს ზურგს უკან, რუსეთთან რაღაც გარიგებები ხდებოდა და სად არის? იგვიანებს ეს ბოდიშები

ბევრს, მათ შორის, ზოგიერთ უცხოელ პოლიტიკოსს ბოდიში აქვს მოსახდელი ქართველი ხალხის წინაშე იმის გამო, რომ ქვეყანას აბრალებდნენ, თითქოს ზურგს უკან, რუსეთთან რაღაც გარიგებები ხდებოდა - ბოდიშებს ველით და სამწუხაროდ, ეს ბოდიშები იგვიანებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ დასავლელმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველოს დახმარებით რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის ფაქტები არ არსებობს.

ამასთან, შალვა პაპუაშვილს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთ-უკრაინის შემდეგ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „ქონება გაიზარდა“, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მსგავსი ინფორმაციების გაჟღერების მთავარი მიზანი საქართველოს რეპუტაციის შელახვაა.

„ზოგადად, სხვისი ქონების დათვლა რამდენად ეთიკურია მეორე საკითხია, თუმცა პირველი საკითხია ის, რომ ეს არის არა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, არამედ ასეთი სახის ინფორმაციების გაჟღერების მთავარი მზიანი არის, რომ საქართველოს რეპუტაცია შეილახოს. ესეც ხომ მიდის ირიბად იმ საკითხზე, რომ სანქციების გვერდის ავლა ხდება და მე მგონი, გუშინდელის შემდეგ, ბევრს - მედიაში, ოპოზიციაში, არასამთავრობო სექტორში, მათ შორის, ზოგიერთ უცხოელ პოლიტიკოსს ბოდიში აქვს მოსახდელი ქართველი ხალხის წინაშე, იმის გამო რომ ამ ხალხს, ამ ქვეყანას აბრალებდნენ, თითქოს ზურგს უკან, რუსეთთან, რაღაც გარიგებები ხდებოდა. გუშინ მათივე წარმომადგენლებმა დაადასტურეს კიდევ ერთხელ, რომ ასეთი ფაქტი არ არსებობს და მადლობა გადაუხადეს ჩვენს ხელისუფლებას. ასე რომ, ბოდიშებს ველით. და სად არის? იგვიანებს ეს ბოდიშები სამწუხაროდ,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ „ყოფილ სამშობლოსთან“ მიმართებით გამოთქმული პრეტენზიები ყოველ ჯერზე უსაფუძვლო აღმოჩნდა.

„საქართველოს რაც შეეხება და მიხეილ სააკაშვილის პრეტენზიებს თავის ყოფილ სამშობლოსთან მიმართ, ეს პრეტენზიები ყოველ ჯერზე აღმოჩნდა უსაფუძვლო და ამაზეც სტრასბურგმა გასცა სულ ახლახან პასუხი,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით