შალვა პაპუაშვილი - თუკი საბაბის მოძებნა დასჭირდება ვინმეს, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭოს, როგორც ეს შარშან ივნისში იყო, საბაბს ყოველთვის მოძებნიან

ქართულ საზოგადოებას გამომუშავებული აქვს ძალიან მყარი ანტისხეულები „რუსული რბილი ძალის“ წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ქვეყნის პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიები მიმდინარეობს და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად მილიონებს იღებენ, ჩუმდებიან და ხმას არ იღებენ.

„რაც შეეხება „რუსულ რბილ ძალას“, ეს ქართველი საზოგადოებისთვის ახალი არ არის და ქართულ საზოგადოებას გამომუშავებული აქვს ძალიან მყარი ანტისხეულები „რუსული რბილი ძალის“ წინააღმდეგ. თუკი დააკვირდებით სხვისიდან მომდინარე რაიმე განსაკუთრებული კამპანია, ყალბი ნარატივი, რომ გამჯდარიყოს ქართულ საზოგადოებაში, ასეთი ფაქტი არ არის. ამიტომ არის, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მილიონებს იღებენ იმისათვის, თითქოს ამხილონ დეზინფორმაცია, სინამდვილეში ებრძვიან ხშირად ქარის წისქვილებს, მაშინ, როდესაც მთავარ პრობლემას წარმოშობენ თვითონვე. ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ჰიბრიდული მეთოდებით ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს, როდესაც დეზინფორმაციას ავრცელებენ საქართველოს წინააღმდეგ. აი, დაუფიქრდით, საიდან მოდიოდა დეზინფორმაცია სანქციების გვერდის ავლის შესახებ? ეს რუსეთმა გაავრცელა? თუ ეს ის ძალებია, რომლებიც თავის თავს პროევროპულებს და ლიბერალებს ეძახიან? საიდან მოდიოდა? ვისი დეზინფორმაციული კამპანია იყო სააკაშვილის წამებასთან დაკავშირებით? შემთხვევით ეს ხომ არ იყო დასავლურ მედიაში, ევროპარლამენტის რეზოლუციაში? შემთხვევით ეს ხომ არ იყო ჩვენი შიდა ე.წ. პროევროპელი პოლიტიკოსების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების და მათ შორის, ყოფილი სახალხო დამცველის მხრიდან? როდესაც ამხელა დეზინფორმაციული კამპანია წარმოებს საქართველოს წინააღმდეგ, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მილიონებს იღებენ ზუსტადაც რომ გამოავლინონ და ებრძოლონ დეზინფორმაციას, ჩუმდებიან, ხმას არ იღებენ საერთოდ,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ასევე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ ვინმეს საბაბი სჭირდება, რათა ქვეყანას სტატუსი არ მიანიჭონ, ამას იპოვიან.

„თუკი საბაბის მოძებნა დასჭირდება ვინმეს, როგორც ეს შარშან, ივნისში იყო, საბაბს ყოველთვის მოძებნიან. მიზეზი არც შარშან ივნისში იყო და არც დეკემბერში იქნება იმის მიზეზი, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცენ, ვინაიდან ყოველი დღე, როდესაც საქართველოს არ აქვს კანდიდატის სტატუსი, ეს არის უსამართლობა ევროკავშირის მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა