ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ აპირებს, რომ სიცრუით სავსე ანგარიში წარუდგინოს პარლამენტს და ქართულ საზოგადოებას, ამიტომ კიდევ ერთხელ შევახსენებთ მას, რომ ის არის რუსი კოლაბორაციონისტი და ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ საქართველოს გარუსებას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, იგორ ნარმანიამ პარლამენტში, ხვალ დაგეგმილ, პრემიერის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ღარიბაშვილს და „ქართულ ოცნებას“ დაანახებენ, თუ რას ნიშნავს სამშობლოსათვის თავგანწირვა.
„ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ აპირებს, რომ სიცრუით სავსე ანგარიში წარუდგინოს პარლამენტს და ქართულ საზოგადოებას. ამიტომ ქართული საზოგადოება ვაპირებთ, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ის არის რუსი კოლაბორაციონისტი და ქართული საზოგადოება და ახალგაზრდობა არ აპირებს რომ შეარჩინოს „ქართულ ოცნებას“ საქართველოს გარუსების პოლიტიკა. ის რიტორიკა, რომლითაც ისინი ხელმძღვანელობენ ბოლო დროს, აუცილებლად უკან მიუბრუნდებათ, იმიტომ რომ არავის არ ეშინია მათი რიტორიკის. მათ ჰგონიათ, რომ ვინმეს აშინებენ და იმიტომ ჰგონიათ, რომ არ წარმოუდგენიათ, რომ არსებობს სამშობლოსათვის თავგანწირვის ცნება. ამიტომ ზუსტად ირაკლი ღარიბაშვილს და „ქართულ ოცნებას“ დავანახებთ, თუ რას ნიშნავს სამშობლოსათვის თავგანწირვა და იმას, რომ მას აუცილებლად ფეხქვეშ მიწა უნდა ეწვოდეს ყოველდღიურად, იმიტომ, რომ ის ყოველდღიურად შეურაცხყოფს ქართველი გმირების საქმეს.
„რუსული ოცნება“, რა თქმა უნდა, რუსული მეთოდებით მოქმედებს. ამიტომ ჩვენ არ გაგვიკვირდება რის გამოც არ უნდა დაგვაკავონ. შეიძლება უბრალოდ მიხვიდე და ამის გამო დაგაკავონ, თუმცა ეს ნამდვილად არ აშინებს ქართულ საზოგადოებას და ქართულ ახალგაზრდობას, იმიტომ, რომ ჩვენ არაფრის არ გვეშინია მაშინ, როდესაც „რუსული ოცნების“ წარმომადგენლები გვიქადიან გარუსებას, ამიტომ ვიბრძოლებთ მტკიცედ და ვიბრძოლებთ ბოლომდე,“ - განაცხადა იგორ ნარმანიამ, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.