კელი დეგნანი - ძალადობა მიუღებელია - თუ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ასეთ ბრალდებებს აპირებს, მაშინ ვფიქრობ, უნდა აღნიშნოს მაინც ვისზე საუბრობს

პარტიის თავმჯდომარე ასეთი ბრალდებების გაკეთებას თუ აპირებს, მაშინ, ვფიქრობ, როგორც მინიმუმ უნდა აღნიშნოს მაინც ვისზე საუბრობს,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და მედიის წარმომადგენლებზე ბოლო დროის თავდასხმებზე ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ძალადობა მიუღებელია და ვფიქრობ, რომ ეს ასევე გავიგონეთ, მერმა კალაძემ და ზოგიერთმა სხვამ აღნიშნეს, რომ ძალადობა მიუღებელია და პარტიის თავმჯდომარე [ირაკლი კობახიძე] ასეთ ბრალდებების გაკეთებას თუ აპირებს, მაშინ, ვფიქრობ, როგორც მინიმუმ უნდა აღნიშნოს მაინც ვისზე საუბრობს. თუ არა, მაშინ ეს მხოლოდ ჭორები და მეტი შეთქმულების თეორიებია, რომელთა შემოგდებაც საზოგადოების დასაბნევად ხდება. აქ რაც მნიშვნელოვანია არის ის, რომ ეს ძალადობა ტრენდის დასაწყისს ჰგავს და ვფიქრობ, ეს ძალიან სახიფათო და უსიამოვნოა ქართველებისთვის, რომლებსაც წარსულში უნახავთ ასეთი კოორდინირებული ძალადობა. და ვფიქრობ, რომ ძალიან დადებითი იქნება, თუ ქართველი ლიდერები ყველა პოლიტიკური პარტიიდან, ცხოვრების ყველა გზიდან ძალიან ნათელს გახდიან, რომ ძალადობა მიუღებელია და ამ თავდასხმებს ნათლად დაგმობენ. ასევე მნიშვნელოვანია იმ ხალხის დაპატიმრებასთან ერთად, რომლებიც თავიანთ სოციალურ ქსელებში აღიარებენ, რომ ძალადობა ჩაიდინეს, იყოს გამჭვირვალე გამოძიება და ბრალდებები. შედეგები უნდა არსებობდეს, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ასეთი ფორმის ძალადობა მიუღებელია”, - განაცხადა დეგნანმა.

ცნობისთვის, გუშინ, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კონკრეტულმა ელჩმა ძალადობა წაახალისა.

„მიშა მშვილდაძე თვითონ მსხვერპლია, რადგან მას შთააგონეს, რომ დედის გინება სამოქალაქო აქტივიზმია და დედას იგინებოდა, სადაც ჰქონდა ამის საშუალება. მერე გამოვიდა ვიღაც სხვა, რომელმაც ასევე, ასე წარმოიდგინა ეს ყველაფერი. მაგალითად, ერთ-ერთი ელჩის ბოლოდროინდელი მოწოდება გინებასთან, ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით, აღიქვა ასე, თუ იძალადებდა მიშა მშვილდაძეზე, იქნებოდა სამოქალაქო აქტივიზმი, თუ შეაგინებს ვიღაც მიშა მშვილდაძეს, ადამიანმა წარმოიდგინა, რომ ეს სამოქალაქო აქტივიზმია. და ეს ვინ დანერგა? კონკრეტული ელჩი იყო, ვინც ამაზე საუბრობდა, რაც სირცხვილია. ელჩის განცხადებას ძალიან დიდი გავლენა აქვს. როცა გამოდის გავლენიანი ელჩი და ამბობს, დედის გინება, ბილწსიტყვაობა სამოქალაქო აქტივიზმია, გამოხატვის თავისუფლებაა, ეს რა თქმა უნდა, ძალადობის წახალისებაა. ძალიან ცუდია, ჟურნალისტი რომ ხარ და ეს არ გახსოვს, მე მახსოვს, კონკრეტული ფაქტი იყო, როცა კონკრეტულმა გავლენიანმა ელჩმა წაახალისა ძალადობა“, - განაცხადა კობახიძემ.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა