"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტ ნიკოლა ბეერს ხვდებიან.
შეხვედრამდე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ შეხვედრის მთავარი საკითხი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება იქნება.
"ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი საკითხი არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, პირდაპირი საბოტაჟი, რომელშიც იმყოფება "ქართული ოცნება" და ამოცანა, რომ რამენაირად საქართველომ ამ საბოტაჟის პირობებში ევროპული პერსპექტივა არ დაკარგოს. ამოცანა ძალიან ცალსახაა ჩვენთვის და ამაზე გვექნება დღეს საუბარი, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ერთად.
შეგახსენებთ, რომ "ალდე", რომლის წარმომადგენელიც ის არის და გერმანული "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელია, არის დღემდე ერთადერთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც უპირობოდ მხარი დაუჭირა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას", - განაცხადა ვაშაძემ.
რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, მან აღნიშნა, რომ უზარმაზარი საფრთხეა შექმნილი მმართველი ძალის დესტრუქციული ქმედებებიდან გამომდინარე, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოს ინტეგრირება ევროკავშირში დაიწყოს.
"მნიშვნელოვანია ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის ჩამოსვლა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ დიდ ინტერესს, რაც არის ჩვენი ქვეყნის მიმართ. შესაბამისად, ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რომ ვიმსჯელოთ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, იმაზე თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა რაც შეიძლება სწრაფად აიხდინონ ოცნება, რომ რეალურად დაიწყოს ინტეგრირება ევროკავშირში. ცხადია, "ქართულმა ოცნებამ" მოახერხა უკვე, რომ შარშან, როდესაც შეგვეძლო მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, გამოგვთიშეს "ტრიოდან", "ქართული ოცნების" მავნებლური ნაბიჯების გამო. ახლაც, უზარმაზარი საფრთხეა შექმნილი მმართველი ძალის დესტრუქციული ქმედებებიდან გამომდინარე, მაგრამ ამის გამო მოქალაქეებმა არ უნდა იზარალონ და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტეგრირება ევროკავშირში დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად და ცხადია, ამას დღეს ხელს უშლის "ქართული ოცნება", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.