კულტურის მიმართულებით შარშან გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი წელი. წელსაც, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ „ევროპალიას“ ვმასპინძლობთ, მასპინძელი ქვეყანა ვიქნებით. მე ვიყავი რამდენიმე კვირის წინ ბრიუსელში ჩასული, სადაც ვიზეიმეთ ერთად, გავხსენით, დავიწყეთ, ასე ვთქვათ, სტარტი მიეცა ამ მნიშვნელოვან ფესტივალს. "ევროპალიაზე" ჩვენი ქვეყანა წარდგება ღირსეულად, წარმოვაჩენთ ჩვენს მრავალსაუკუნოვან უწყვეტ კულტურას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე მნიშვნელოვანი იყო სხვა ღონისძიებები, რომლებიც საქართველოში ჩატარდა.
„მინდა გამოვყო სპორტის მიმართულებით მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში, რომელიც საკმაოდ დიდი წარმატებით ჩატარდა. ჩვენ თითქმის 300 მილიონ ლარამდე დავხარჯეთ, სრულად განახლდა, მოეწყო ახალი ინფრასტრუქტურა, მათ შორის გათოვლიანების სისტემას, 6 ახალი ტრასა, 30 კილომეტრის მანძილზე დამონტაჟდა ეს გათოვლიანების სისტემა და 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. რაც კარგია და სასიხარულოა, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ, ჩასვა ჩვენი ქვეყანა თავისი წლის კალენდარში, ანუ ჩვენთან მუდმივად, ყოველ წელს იქნება სხვადასხვა შეჯიბრებები, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რაც მთავარია, შედეგზე გათვლილი, ორიენტირებული ინვესტიცია აღმოჩნდა.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენ საამაყოდ ვმასპინძლობთ 21-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატს. მე კიდევ ერთხელ, ამ ტრიბუნიდან მინდა მივულოცო ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს, ნიჭიერ, საამაყო სპორტსმენებს დიდი გამარჯვებები და შაბათს ვუსურვო მორიგი გამარჯვება.
ამ მიმართულებით ჩვენ სრულად განვაახლეთ სტადიონები, მესხის სახელობის, ასევე ქუთაისში, „დინამოს“ სტადიონზე განახლდა, 100 მილიონი ლარი დაიხარჯა. ვფიქრობ, რომ ესეც შედეგზე გათვლილი, გრძელვადიანი ინვესტიცია იქნება”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან გამოსვლისას ასევე ისაუბრა პროექტ Starring Georgia-ს შესახებ და პროექტის წარმატებასაც გაუსვა ხაზი.
„მინდა კულტურის მიმართულებით აღვნიშნო, რომ ჩვენ დავიწყეთ კამპანია Starring Georgia- ამის თაობაზე გახსოვთ, რომ გარკვეული კრიტიკა გამოითქვა, რომ რატომ აკეთებენო, მაშინ, როცა თვითონ აკეთებდნენ გაუაზრებელ კონცერტებს. ჩვენ დავიწყეთ შემდეგნაირად: „ბლექ სი არენამ“ დაიწყო მასშტაბური ორწლიანი კამპანია, ამისთვის ჩვენი სავარაუდო ბიუჯეტი არის 70 მილიონი ლარი, მაგრამ აქვე მინდა ახლა ჩაშლილად მოგახსენოთ: წელს, დაახლოებით, 28 მილიონ ლარამდე დაიხარჯება, ამ ღონისძიებებზე ველოდებით 100 000-მდე სტუმარს, ბილეთები, მინდა აღვნიშნო, რომ რეკორდული სისწრაფით გაიყიდა და აქაც ჩანს, რომ ეს სწორი პროგრამა იყო და არსებობს საზოგადოებაში ამაზე კონსენსუსი და პოზიტიური მოლოდინები. დღეის მდგომარეობით, 17 მილიონი ლარი არის მიღებული შემოსავლების სახით, ამას გარდა, 4.5 მილიონი ლარი არის სპონსორობით მიღებული შემოსავლები და წლის ბოლომდე ველოდებით 150 მილიონი ლარის ფარგლებში შემოსავალს.
ეს იყო კონკრეტული, კარგად გააზრებული, გათვლილი პროგრამა. ამას ჩვენ გავაგრძელებთ, ჩვენს ახალგაზრდებს და არამხოლოდ ახალგაზრდებს, ყველას შევთავაზებთ ძალიან ბევრ სიურპრიზს, მათ შორის, 2024-შიც. საქართველო უნდა გახდეს მუდმივად საერთაშორისო დონის სპორტის, კულტურის ღონისძიებების, შეკრების ადგილი. ჩვენ გვაქვს ამისთვის ყველაფერი, ყველა პირობა, რომ ვუმასპინძლოთ საერთაშორისო დონის ღონისძიებებს.
აი, ეს გახლავთ ყველა ის ძირითადი მიღწევა, რომლის თაობაზე თქვენ დეტალური ანგარიში გამოგეგზავნათ”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.