ჩვენ აქეთ ვეხმარებით ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომ არ მოხდეს სანქცირებული პროდუქციის უკანონო რეალიზაცია და გადაზიდვები - 1300 შემთხვევა გამოვუვლინეთ. ამაზე ღიად არ ვსაუბრობდით შეგნებულად, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მიზანშეწონილად არ მიაჩნია დაასახელოს ის ქვეყნები, სადაც სანქციების დარღვევა ხდებოდა.
პრემიერის განცხადებით, საქართველო კეთილსინდისიერი პარტნიორია და არც ერთი ფაქტი არ არის წარმოდგენილი იმისა, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარა.
„ჩვენი პოზიცია იმთავითვე ცხადი იყო. ჩვენ ხმამაღლა განვაცხადეთ, რომ საქართველო არ გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი და აქ სანქცირებული კომპანიები და ინდივიდები ვერ განახორციელებენ არასანქცირებულ ტრანზაქციებს, მათ შორის, არასანქცირებული პროდუქციის გავლა არ მოხდება ჩვენი ქვეყნის ჩართულობით და ჩვენი ქვეყნის გავლით. შესაბამისად, ჩვენი ეს ნათქვამი დადასტურდა ჩვენ მიერ განხორციელებულ საკმაოდ ეფექტურ ქმედებებში და საზოგადოებამ მოისმინა მათ [სანქციების საკითხებში აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლების] მიერ გაკეთებული შეფასებები. მათ თქვეს, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტიან კონტროლს ახორციელებს, შექმნილია ეფექტიანი სისტემა, რომელიც მინიმუმამდე აზღვევს ამ რისკებს. ჩვენ ჩვენს კოლეგებს გავუზიარეთ ინფორმაცია, რომ ფინანსთა სამინისტროს აქვს 1300-მდე შემთხვევა იდენტიფიცირებული. ჩვენ ვაცნობეთ ევროპელ კოლეგებს, რომ სწორედ მათი ქვეყნებიდან მოემართებოდა ეს სანქცირებული პროდუქცია. ჩვენ აქეთ ვეხმარებით ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომ არ მოხდეს სანქცირებული პროდუქციის უკანონო რეალიზაცია და გადაზიდვები. ასე რომ ჩვენ ამ პროცესში ვართ აბსოლუტურად პირნათელი და გამჭვირვალე. ჩვენ არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ გვაქვს. არც ერთი ფაქტი არ იქნა წარმოდგენილი ჩვენს მიმართ, რომ საქართველო ვინმეს რაიმე სანქციის გვერდის არიდებაში დაეხმარა,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.