დღეს, რაც საზოგადოებამ ნახა, არის დასტური იმისა, თუ რა ტიპის ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე. ესენი არიან მოძალადეები და ცდილობენ ფიზიკური დაპირისპირებით გავიდნენ ფონს და შეინარჩუნონ ძალაუფლება, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, დავით კირკიტაძე კასპში მომხდარ ინციდენტს.
დავით კირკიტაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ბილწსიტყვაობაზე და აგრესიაზეა გადასული.
„დღეს, რასაც საზოგადოება კიდევ ერთხელ ხედავს, ეს არის დასტური იმისა, თუ რა ტიპის ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე. ჩვენ ვსაუბრობთ პენსიონერებთან ჩვენს ახალ ინიციატივაზე, რომელიც ეხება საპენსიო ასაკის დაწევას, პენსიის მომატებას და ჩვენი ღირსეული, ღვაწლმოსილი ხალხის, პენსიონერების გათავისუფლებას იმ მძიმე უღელისგან, რომელიც დაადგა საბანკო ოლიგარქიამ მათ. „ქართული ოცნება“ არის გადასული ბილწსიტყვაობაზე, აგრესიაზე და საზოგადოებამ შეაფასოს რა ტიპის ქვეყანაში სურს ცხოვრება, ამ ტიპის ქვეყანაში, სადაც გინებით, ფიზიკური დაპირისპირებით სურთ ფონს გავიდნენ და შეინარჩუნონ ძალაუფლება, თუ ქვეყანაში, სადაც ღირსეული სიბერე გარანტირებული ექნებათ.
ბუნებრივია, ეს ადამიანები ახლა აქ მოსულები არიან პროვოკაციის მოსაწყობად, შეურაცხყოფის მოსაყენებლად, კიდევ ერთხელ აჩვენებენ მათ შინაგან კულტურას, მათი ხელისუფლების, ვისი მოგზავნილებიც ესენი არიან, მათ განწყობას, მათ განწყობას მხოლოდ პენსიონერების მიმართ კი არა, არამედ საზოგადოების მიმართ და ამ ადამიანებთან არავითარ საუბარს და დიალოგს აზრი არ აქვს, დავალება აქვთ მიღებული და ცდილობენ, რომ შეასრულონ ეს დავალება“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.