ქალბატონი წითლიძე განეიტრალებულია - წასული არიან საკუთარი პატარა ბელადის გადასარჩენად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, როდესაც ოპოზიციონერი დეპუტატის, ანა წითლიძის შეკითხვისთვის უნდა ეპასუხა.
გამომდინარე იქიდან, რომ წითლიძე თანაპარტიელებთან ერთად პლენარულ სხდომას აღარ ესწრება, ღარიბაშვილმა მის მიერ დასმულ კითხვას პასუხი არ გასცა.
„ქალბატონი წითლიძე განეიტრალებულია, არც უნდა ვუპასუხოთ არაფერი. წასული არიან საკუთარი პატარა ბელადის გადასარჩენად. კასპში წასვლა თითქოს მიზეზი იყო რაღაც“, - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა პარლამენტში, პრემიერის მოხსენებისა და კითხვების დასმის შემდეგ ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ „რუსი პრემიერის მოსმენას არ აპირებენ“. დეპუტატების განცხადებით, წავლენ კასპში, სადაც, მათი თქმით, „რუსული ოცნების“ მხრიდან ორგანიზებულ ბიუროკრატიული ბანდიტებს ჰქონდათ მცდელობა, რომ ჩაშალონ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის შეხვედრა პენსიონერებთან“.