თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ისნის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა კახა ლაბუჩიძემ, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განცხადება გააკეთა, რომელიც თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის პროექტირებისთვის შესაბამისი თანხის გამოყოფას შეეხებოდა.
როგორც კახა ლაბუჩიძემ საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, თბილისის მუზეუმების გაერთიანებისთვის 350,0 ათასი ლარის ასიგნების ზრდა ხდება ბიუჯეტში, რაც განკუთვნილია თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის პროექტირებისთვის.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმი საკრებულოს ისტორიულ შენობაში განთავსდება დ ძალიან მალე, თბილისს ტურისტულად უდიდესი პოტენციალის მუზეუმი ექნება.
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ასევე შეეხო სტუდენტთა დაფინანსების პროექტში განხორციელებულ ცვლილებას, რომელიც გულისხმობს მაღალრეიტინგული, წარმატებული სტუდენტისთვის პირად საბანკო რეკვიზიტზე დაფინანსების ანგარიშსწორებას.
როგორც კახა ლაბუჩიძემ აღნიშნა, ცვლილება განაპირობა არსებულმა პრაქტიკამ.
,,დაბეგვრის სტანდარტში არათანაბარი მიდგომა საჭიროებდა ჩვენი მხრიდან გადახედვას, რამდენადაც, ერთ შემთხვევაში უნივერსიტეტში ჩარიცხული თანხა არ იბეგრებოდა საშემოსავლო კუთხით, მაშინ, როცა სტუდენტისთვის დარიცხული თანხა პირიქით, იბეგრებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ’’,-აღნიშნა კახა ლაბუჩიძემ.
ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.