რატომ ვერ ახერხებთ, რომ პირადად თქვენ - მეორე ჯერზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ყველასთვის შემწყნარებლობის და მიმტევებლობის მაგალითი გახდეთ - არ შეიძლება, ყოველთვის მტერს ხედავდე და თუ ხედავ მტერს, სცადე, რომ მოყვარედ აქციო! - ამ განცხადებით მიმართა ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის წევრმა არმაზ ახვლედიანმა.
ახვლედიანმა პრემიერ-მინისტრის მისამართით განაცხადა ისიც, რომ როგორც არ უნდა მოსწონდეს მას ოპოზიცია, უნდა გაითვალისწინოს, რომ ოპოზიციის უკან საქართველოს მოქალაქეები დგას და თუნდაც ხუთი მოქალაქე იდგეს, ამ ხუთ მოქალაქეს სცეს პატივი.
“გუშინ აშშ-ს საელჩოს ეზოში გისმენდით, როდესაც დამსწრე საზოგადოებას მიმართავდით. მომეჩვენა, რომ გუშინ სხვა პრემიერი იყო და დღეს სხვა საუბრობს. გუშინ თქვენი აქცენტები, ტონალობა სულ სხვა იყო და რატომ ვერ შეძელით დღეს აქ?
რატომ ვერ ახერხებთ, რომ პირადად თქვენ - მეორე ჯერზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ყველასთვის შემწყნარებლობის და მიმტევებლობის მაგალითი გახდეთ - არ შეიძლება, ყოველთვის მტერს ხედავდე და თუ ხედავ მტერს, სცადე, რომ მოყვარედ აქციო! როდესაც მოყვარეს აქცევ მტრად, ეს უბედურებაა!
ვინ აგებს პასუხს იმაზე, რომ ბოლო პერიოდში არის ანტიდასავლური კამპანიის ნიაღვარი. შეუძლებელია, რომ მას, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს ევროატლანტიკური გზა უალტერნატივოა, აშშ-ს ელჩისა და მისი ქვეყნის მიმართ ასე საუბრობდეს, ნაცვლად იმისა, რომ მის წარმდგენ სახელმწიფოს მადლობას ვეუბნებოდეთ“, - განუცხადა ახვლედიანმა პრემიერ -მინისტრს.