სააკაშვილს აღნაგობას კი არ ვუწუნებდი, ან რამე სხვას, ან პირადად კი არ შემხებია, მაგრამ მძულდა, როდესაც ის ჩაგრავდა ხალხს და თქვენც იმავეს რატომ აკეთებთ?, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
ალეკო ელისაშვილის მტკიცებით, იგი დარწმუნებულია, რომ ბოლო პერიოდში ოპოზიციურად განწყობილი ცნობილი პირებისადმი განხორციელებული ძალადობის უკან სუს-ი ან კრიმინალური პოლიცია დგას.
„არ დამიწყოთ ახლა, რომ ვიღაც ყეყეჩი დადიოდა ჯიბეში კვერცხით და არიქა, ლევან ბერძენიშვილს სადმე შემთხვევით გადავაწყდებიო. მართლა ყეყეჩობა თქვა, ლევან ბერძენიშვილმა, მაგრამ ამას პასუხი არგუმენტებით და ცოდნით უნდა გასცე, მაგრამ რას ვხედავთ ჩვენ? - აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის თქვენი გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ „ლიდერშიპის“. ან სუს-ი ახორციელებს ამ ცემა-ტყეპებს, ან კრიმინალური პოლიცია. რატომ აკეთებთ ამას, ან ეს როგორ გსიამოვნებთ? - ეს როგორ უნდა გსიამოვნებდეს, რომ სუს-ს მივაქსევინებ ვიღაცას და გავალახინებ, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს. თუ ვინმეზე ძალიან გაცოფებული ვარ, ბოლო-ბოლო წავალ და მე ვიჩხუბებ. რა განცდაა ეს, რომ ვიღაცებს აგზავნით საცემად და მერე რომ უყურებ. რა არის ეს, რაში კარგავთ დროს?“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
დეპუტატმა აღნიშნულ თემებზე საუბრისას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შემდეგი კითხვით მიმართა: „სულ მინდა ვკითხო ხოლმე ირაკლი ღარიბაშვილი ზურა ჯაფარიძის პრემიერ-მინისტრი არ არის? ან ლაზარეს პრემიერ-მინისტრი არ არის?“
ალეკო ელისაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრს საკუთარ გამოსვლაში თვითკრიტიკაც რომ ჩაემატებინა, ბევრად უკეთესი გამოსვლა იქნებოდა.
„თქვენ ხომ პირველი გამოხვედით, თქვენს გამოსვლამდე ხომ არც რეპლიკები ყოფილა, არც წამოძახილები ყოფილა, ზიზღით და სიძულვილით რომ არ ილაპარაკოთ, არ შეგიძლიათ? ჩათვალეთ, რომ გადაახვიოთ. ახლა თქვენს წარმოდგენაში და გამოსვლაში ჩაამატეთ თვითკრიტიკული საკითხები სხვადასხვა დარგსა და სფეროში, გამოცალეთ თქვენი ზიზღი და სიძულვილი ოპონენტების მიმართ, უფრო უკეთესი გამოსვლა არ იქნებოდა?“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.