ევროპარლამენტარები მტრები არიან, ამერიკის ელჩი მტერია, ევროკავშირის ელჩი მტერია, ოლაფ შოლცის პარტიაზე ამბობთ, რომ ლიბერალური ფაშისტები არიანო - მოყვარე ვინ არის, გეკითხებით? ვინ არის თქვენი პარტნიორი, ვისთან ერთად აპირებთ ევროპაში შესვლას?, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მმართველ პარტიას პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოველწლიური მოხსენებით სიტყვით გამოვიდა.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს ღირსეული ადამიანი, ერის გამაერთიანებელი და არა ერის დამქსაქსველი.
ამასთან ვაშაძის განცხადებით, საქართველოში კატასტროფული დემოგრაფიული მაჩვენებლებია.
მისივე თქმით, ამაში დამნაშავე ხელისუფლებაა.
„პრემიერ-მინისტრის დღევანდელი გამოსვლა შეიძლება შევაფასოთ სამი კონკრეტული შეფასებით: რეალობას აცდენილი, ტყუილებით და სიცრუით გაჯერებული, სიძულვილის ენით გაჯერებული. საქართველოს მოქალაქეები დაინახავდნენ სკამზე ზრუნვას, როგორ შეინარჩუნოს თანამდებობა და სკამი.
საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაბალი შობადობის მაჩვენებელია. ქვეყანაში ფიზიკურად ხალხი არ არის. ქვეყანაში ბავშვები აღარ იბადებიან, ამას ემატება მიგრაციის მაჩვენებელი. 2022 წელს საქართველო დატოვა საქართველოს 100 ათასმა მოქალაქემ. რატომ დატოვა ამ ხალხმა საქართველო? იმიტომ რომ სამუშაო ადგილები შექმენით? იმიტომ რომ ეკონომიკა წინ წავიდა? იმიტომ რომ ქვეყანაში კარგი ცხოვრებაა?- სიღარიბისა და გაჭირვების გამო დატოვა. ამაში დამნაშავე ხართ თქვენ!
ჯენტრიფიკაცია - თუ გაგიგიათ ასეთი სიტყვა? ჯენტრიფიკაცია ნიშნავს შეძლებული მოქალაქეების გადმოსვლას, რაც იქიდან ძველი, ხელმოკლე ოჯახების გადასახლებას იწვევს. საქართველოში ჯენტრიფიკაცია კი არა რუსეთიფიკაციაა. იმიტომ რომ 65 ათასი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, დასახლდა და 100 ათასი საქართველოს მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან.
თქვენ ბოდიში უნდა მოუხადოთ საქართველოს, როცა ქვეყანაში დემოგრაფიული კატასტროფაა. თქვენ ბოდიში უნდა მოუხადოთ იმ ასობით ათასს ემიგრანტს, რომლებიც საქართველოდან გავიდნენ, იმიტომ რომ აქ ლუკმა-პური ვერ იშოვეს. თქვენ ბოდიში უნდა მოუხადოთ საქართველოს მცოცავი ოკუპაციისთვის. თქვენი ხელისუფლების ყოფნის პერიოდში 3-ჯერ მეტ ტერიტორიებს დაეპატრონა ოკუპანტი, ვიდრე სოხუმის ტერიტორიაა და ეს არის მშვიდობა?“,- განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან, ვაშაძემ ევროინტეგრაციაზე და 12-პუნქტიანი გეგმაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ საბოტაჟს ახორციელებს იმით, რომ რეფორმებს არ ახორციელებს.
„ხომ ამბობდით, რომ ვარჰეია ყველაზე კარგი კაცი ევროპაში. რა გითხრათ ვარჰეიმ? 12-პუნქტიდან, მხოლოდ 3 გაქვთ შესრულებულიო. ახლა მე გეკითხებით, თქვენ რომ ტყუილებს აგრძელებთ, არის თუ არა ეს საქართველოს ევროპული პერსპექტივის საბოტაჟი? პირდაპირ საბოტაჟს ახორციელებთ იმით, რომ არ ასრულებთ რეფორმებს. პირდაპირი საბოტაჟია ის ანტიდასავლური კამპანია, რომელსაც თქვენ ახორციელებთ. საქართველოს ევროატლანტიკური ალიანსში გაწევრიანების პირდაპირი საბოტაჟია ის განცხადებები, რომ თურმე ნატომ დაიწყო უკრაინაში ომი და ნატოს გამო მოხდა ეს ყველაფერი.
ევროპარლამენტარები მტრები არიან, ამერიკის ელჩი მტერია, ევროკავშირის ელჩი მტერია, ოლაფ შოლცის პარტიაზე ამბობთ, რომ ლიბერალური ფაშისტები არიანო - მოყვარე ვინ არის, გეკითხებით? ვინა რის თქვენი პარტნიორი, ვისთან ერთად აპირებთ ევროპაში შესვლას? როდესაც 27 ქვეყნის წარმომადგენლობა შეიკრიბება, ერთი სიტყვა ვინ უნდა დაასველოს? ასეთი ადამიანი არ არის. დიახ, ევროინტეგრაციის საბოტაჟი ხართ თქვენ , „ქართული ოცნება“.
ჩვენ, რომ ხელისუფლებაში ვიყოთ ეს ყველაფერი შესრულებული იქნებოდა“,- განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძის ამ განცხადებას პარლამენტში უმრავლესობის მხრიდან ხმაური და შეძახილები მოჰყვა, რასაც ვაშაძემ ასე უპასუხა:
„მალე ვიქნებით [ხელისუფლებაში] და გნახავთ ქვეყნიდან გაქცეულებს“.